ახალი ამბები

კორძაია: პატრიარქი თავისი განცხადებით წავიდა საზოგადოებისა და პროგრესის წინააღმდეგ

6 აგვისტო, 2018 • 22014
კორძაია: პატრიარქი თავისი განცხადებით წავიდა საზოგადოებისა და პროგრესის წინააღმდეგ

“რესპუბლიკური პარტიის” გენერალური მდივანი თამარ კორძაია მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებაზე ილია მეორის განცხადებას საზოგადოების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მისი თქმით, საპატრიარქო იმ ინსტიტუტის წინააღმდეგ მოქმედებს, რომელიც ქვეყანაში პროგრესის ერთადერთი წყაროა.

“პატრიარქის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების მტრობა. ის მიდის საკუთარი საზოგადოების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და დემოკრატიის სისტემის წინააღმდეგ. როდესაც საპატრიარქოს წარმომადგენლები გამოდიან საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც დღეს პროგრესის ერთადერთი წყაროა ამ ქვეყანაში, ეს განცხადებები არის საზოგადოების წინააღმდეგ სვლა”, – განუცხადა კორძაიამ “ნეტგაზეთს”.

თამარ კორძაიას შეფასებით, საქმე მხოლოდ მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებულ განცხადებებს არ ეხება და საპატრიარქო უკვე დიდი ხანია, პროგრესის პროცესს ჩამორჩა. მისი თქმით, აღნიშნულს ხელს საქართველოს ხელისუფლებაც უწყობს, რომელიც ეკლესიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

“ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა. ძალიან დიდი ხანია, “რესპუბლიკელები” ამაზე ვლაპარაკობთ. სამწუხაროა, რომ ჩვენს ეკლესიაზე კაცობრიობის არანაირი პროგრესი არ აისახება. ის ჯურღმულში მიაქანებს ამ ქვეყანას. ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ საპატრიარქოს ძალიან მჭიდროდ ეთანამშრომლება “ქართული ოცნება” და დღევანდელი ხელისუფლება.

ისინი[მმართველი გუნდი] თრთიან საპატრიარქოს წინაშე, საპატრიარქოს კი ტკბება ძალაუფლებით მოსწონს, როდესაც მისი ეშინიათ. ის ცხოვრობს ქრისტიანობის საწინააღმდეგო ქმედებებით, რადგან ქრისტე არ ქადაგებს შიშის დანერგვას, ქრისტე ქადაგებს სიყვარულს. საპატრიარქო კი ცდილობს, დააშინოს საზოგადოება, განსაკუთრებით პოლიტიკოსები და ჰყავს კიდეც ასეთი დაშინებულები [საპარლამენტო] უმრავლესობაში. ის ამით სარგებლობს საკმაოდ ბოროტად, როგორც ეკონომიკური, ისე ძალაუფლების თვალსაზრისით.

ერთი რამ ცალსახაა, რომ ვერც საპატრიარქო და ვერც “ოცნება” საკუთარი მიზნების მიღწევას ვერ შეძლებენ, იმიტომ, რომ რომ ჩვენი მოქალაქეები არიან მაღალი შეგნების და მათ ესმით ყოველი ნაბიჯი, რომელიც ადამიანს ინდივიდუალურ თავისუფლებას მოუტანს, – აცხადებს კორძაია.

მისივე თქმით, საპატრიარქოს რიტორიკა საბჭოთა კავშირის მმართველობას აგონებს, რომელზეც საზოგადოებამ, თავის დროზე, უარი თქვა:

საოცრება ისაა, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს ეკლესია იდევნებოდა, მაგრამ საბჭოური მართვის სისტემა ყველაზე მეტად შეითვისა ჩვენმა საპატრიარქომ. ის დღეს ამ წესებით ცხოვრობს”.



საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებიდან დღემდე, გადაწყვეტილებას საპატრიარქო რამდენჯერმე გამოეხმაურა.საკვირაო ქადაგებისას, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება “ერის მტრობად” შეაფასა. საპასუხოდ, “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ პატრიარქის განცხადებას საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობა უწოდა.

ერთი დღით ადრე, 4 აგვისტოს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, რომლითაც მიტროპოლიტ დიმიტრის სახელითა და მისი ლოცვა-კურთხევით მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ აქციის შესახებ შეატყობინა. შეკრება ბათუმში დღეს გაიმართება.

მანამდე, 31 ივლისს კი მოსაყდრე შიოს თანაშემწემ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “იმედთან” საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება “ერის ღალატად” შეაფასა და აღნიშნა, რომ ის “საერთოდ გასაუქმებელია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი