ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება განხილვის საგანი არ უნდა გახდეს – ცქიტიშვილი

6 აგვისტო, 2018 • 3301
საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება განხილვის საგანი არ უნდა გახდეს – ცქიტიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი მარიხუანასთან დაკავშირებით პატრიარქის მიერ 5 აგვისტოს გაკეთებული განცხადების შესახებ ამბობს, რომ საპატრიარქოს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი აზრი თუნდაც სახელმწიფო ინსტიტუტების, სახელმწიფოს საქმიანობისა და ზოგადად, პოლიტიკის მიმართ.

“ეს აზრი შეიძლება განსხვავებული იყოს იმ სტანდარტებისგან, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში არის მიღებული. პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მათ ჰქონდეთ განსხვავებული აზრი”, – ამბობს დეპუტატი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ილია მეორემ ქადაგებისას უარყოფითად შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის გაუქმებასთან დაკავშირებით და მას “ერის მტრობა” უწოდა. ამ განცხადებას წინ უძღოდა მოსაყდრე შიოს თანაშემწის განცხადება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გასაუქმებელია:

“არცერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია სწორად სასამართლოს გაუქმება, იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული ინსტიტუტია და აუცილებელია, რომ თავის ფუნქცია შეასრულოს. არ მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება უნდა გახდეს საერთოდ განხილვის საგანი. ისევე როგორც არ შეიძლება გაუქმდეს პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, არ შეიძლება გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო”,- ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დეპუტატი ნარკოტიკების მომხარების დეკრიმინალიზების მომხრეა. მისი აზრით, მოხმარების შემცირებისთვის საჭიროა კომპლექსური ზომები, რაც ერთის მხრივ გულისხმობს დეკრიმინალიზაციას, მეორეს მხრივ სახელმწიფო პოლიტიკის რეპრესიიდან ზრუნვაზე გადატანას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას. დეპუტატის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის გაძლიერება. დეპუტატი ცალსახად არ პასუხობს შეკითხვას, ეთანხმება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას:

“მე რა უფლება მაქვს დავეთანხმო, ან არ დავეთანხმო, მე კონსტიტუცინალისტი არ ვარ. მომწონს თუ არ მომწონს ეს გადაწყვეტილება მაგაზე არ არის. მე მინდა, რომ ქვეყანაში იყოს ფორმირებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც იქნება ორიენტირებული დეკრიმინალიზაციაზე ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ პრევენციასა და ზრუნვაზე და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაზე. მე კომპლექსურად ვუყურებ. კომპლექსურად საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. მან თქვა, რომ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა ჩაჯდეს და არც დაჯარიმდეს”, – განაცხადა დეპუტატმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა – თითქმის სამთვიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს, 16:20 საათზე, ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საუბარია მარიხუანის მხოლოდ მოხმარებაზე და არა კულტივაცია- გაყიდვაზე. გადაწყვეტილება გამოქვეყნების მომენტიდან ძალაშია.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი