ახალი ამბები

ნგრევა და მსხვერპლი ინდონეზიაში – მიწისძვრას 100-მდე ადამიანი შეეწირა

6 აგვისტო, 2018 • 2296
ნგრევა და მსხვერპლი ინდონეზიაში – მიწისძვრას 100-მდე ადამიანი შეეწირა

ინდონეზიაში გუშინ, 5 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ქვეყნის ოფიციალური პირების ცნობით, ასობით ადამიანი დაშავდა, ათასობით შენობა კი დაინგრა ან დაზიანდა.

BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი, მეტწილად, კუნძულ ლომბოკის ჩრდილოეთით მოჰყვა, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი ფიქსირდება. ბიძგები იგრძნეს ახლომდებარე გილის კუნძულებზეც, საიდანაც 1000 უცხოელი ტურისტი უკვე გაიყვანეს. ეპიცენტრთან ასევე ახლომდებარე კუნძულ ბალიზე კი ერთი ადამიანი დაიღუპა.

6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 130 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. პირველი ბიძგებიდან მალევე ცუნამის განგაშიც გამოცხადდა, რომელიც რამდენიმე საათში გაუქმდა.

დანგრეული ან დაზიანებულია ათასობით შენობა, მათ შორის, CNA-ს ცნობით, კუნძულ ბალის სამთავრობო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი და კამპუსია. მიუხედავად მცირე დაზიანებებისა, ლომბოკისა და ბალის აერპორტებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ.

ლომბოკი, ბალი და სხვა კუნძულები ინდონეზიის ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს, რომელთაც ყოველწლიუად მილიონობით ადამიანი სტუმრობს. ორივე მათგანი, ისევე როგორც მთელი ინდონეზია, სეისმურად აქტიურ ზონაში ექცევა. ლომბოკზე მიწისძვრა 2 კვირის წინაც მოხდა. მაშინ ბიძგებს 16 ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი