ახალი ამბები

რატომ ჩაიშალა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ვიზიტი სტრასბურგში

4 აგვისტო, 2018 • 4643
რატომ ჩაიშალა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ვიზიტი სტრასბურგში

მალხაზ მაჩალიკაშვილის, ზაზა სარალიძისა და ელისო კილაძის ვიზიტი სტრასბურგში ჩაიშალა. როგორც ელისო კილაძემ “კურიერის” ეთერში განაცხადა, სტრასბურგში მიუნხენის გავლით დღეს უნდა გაფრენილიყვნენ, თუმცა მათ თანმხლებ პირს, რომელიც მიუნხენში ადრე ჩავიდა, გერმანიის პოლიციამ განუცხადა, რომ საქართველოდან მიწოდებული ინფორმაციით, 4-კაციან დელეგაციაში ერთ-ერთი ტერორიზმში იყო ეჭვმიტანილი.

ელისო კილაძის თქმით, ვიზიტის ორგანიზატორს,  პაატა აბჟანდაძეს, მიუნხენის აეროპორტში გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ კითხვები მალხაზ მაჩალიკაშვილთზე დაუსვა და ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ დელეგაციის წევრი ერთ-ერთი პირი ტერორზმშია ეჭვმიტანილი.

“მიუნხენში ჩავიდა პაატა აბჟანძე. უთხრეს, რომ მასთან არის პრობლემები იმ ჯგუფზე, რომელიც მას შეჰყავდა გერმანიაში. უთხრეს, ამ ჯგუფში ტერორიზმში ეჭვმიტანილი და ბრალდებული პირები არიან. მას დაუსვეს კითხვები, რა შეხება აქვს ისლამთან, იცნობს თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილs” – ამბობს ელისო კილაძე “კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მალხაზ მაჩალიკაშვილს ეჭვი აქვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გერმანიაში ჩავიდოდა, მას დააკავებდნენ:

“მე ვიყავი დაკავებისთვის განწირული, არა მარტო დაკავებისთვის განწირული, მთელ ევროპას მოედებოდა ხმა, რომ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობისთვისაა დაკავებული და ჩემს ახლობლებსაც პრობლემები შეექმნებოდათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თემირლანი არ იყო ტერორიზმში დამნაშავე. მე არანაირი დანაშაული არ მაქვს ჩადენილი, თუ ვარ ძებნილი და დამნაშავე, აქ არ ვარ? დამიჭირონ, ჩამსვან ციხეში და დაიწყნარონ ნერვები” – ამბობს მალხაზ მაჩლაიკაშვილი “კურიერთან”.

ზაზა სარალიძის თქმით, ამ გზით მთავრობა ცდილობს, მას და მაჩალიკაშვილს თავიანთი ეჭვები ქვეყნის გარეთ არ გაავრცელებინონ.

“ეშინიათ, რომ ეს აუხსნელი დანაშაული ევროპაში გავა. ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რომ არ გაგვიშვან და ჩვენ არ ვთქვათ ჩვენი სიმართლე საზღვრების იქით. მე ვამბობდი, რომ შევეცდებოდი.

პირდაპირ ვიტყვი, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი სპეციალურად გადადგა. გუშინ რასაც ვუსმინეთ კომისიაზე შოთძის გამოსვლას, ეს პირდაპირი მესიჯი იყო, რომ ისინი არავის დაკავებას არ აპირებენ. პირდაპირ დაადანაშაულეს ბატონი მალხაზი ტერორიზმში. ჯერ გამოკვეთილი არაა, რომელი ჩვენგანი დაადანაშაულეს, თუმცა ეს გამოჩნდება. ეს არა მარტო ჩემი, ბატონი მალხაზის ნეიტრალიზებაა. სისტემამ გადაწყვიტა ჩემი და ბატონი მალხაზის განადგურება,” – ამბობს სარალიძე.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზაზა სარალიძემ და ელისო კილაძემ რამდენიმე დღის წინ სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. მაშინ მათ განაცხადეს, რომ სუს-სა და შსს-ს მიმართავდნენ იმის დასაგენად, ხომ არ არსებობდა რამე გარემოება, რის გამოც მათ საზღვრის დატოვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

თუმცა, როგორც დღეს, 4 აგვისტოს, “კურიერთან” ელისო კილაძემ განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისინი შსს-ში გადაამისამართა, სამინისტროსგან კი პასუხი არ მიუღიათ. სტრასბურგში სარალიძე და მაჩალიკაშვილი ევროპელ უფლებადამცველებს უნდა შეხვედროდნენ. ისინი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავენ.

“ნეტგაზეთი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც დაუკავშირდა და ჰკითხა, ადასტურებენ თუ არა ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე არის თუ არა კილაძე, სარალიძე ან მაჩალიკაშვილი ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშულში ბრალდებული. სუს-ის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი