თეა წულუკიანთან პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში არ შევსულვართ – ოთო კახიძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ოთო კახიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან კომისიას მირზა სუბელიანთან  ნაცნობობის საკითხი ჰქონდა გასარკვევი. ოთო კახიძე განმარტავს, რომ კომისიის სხდომაზე მინისტრის დაბარების მიზანიც ეს იყო.

“თეა წულუკიანი დასაკითხ პირთა სიაში შევიყვანეთ საზოგადოების ნაწილის, მათ შორის დაზარალებულის ინტერესიდან გამომდინარე. ის მეგობრობს სუბელიანის ნათესავთან, სოზარ სუბართან. ამიტომ ლეგიტიმურად გასარკვევი იყო და არის მისი ნაცნობობის საკითხი მირზა სუბელიანთანაც. ეს სამართლებრივი მხარე. მისთვის დიდი დრო არ წაგვირთმევია და არც პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში შევსულვართ, ორი კითხვა დაისვა, საქმიანად – როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური და მორჩა,”-წერს ოთო კახიძე სოციალურ ქსელში.

დღეს, 3 აგვისტოს, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოძახებული თეა წულუკიანის გამოკითხვამ, დაახლოებით, 5 წუთს გასტანა. როგორც აღმოჩნდა, კითხვები იუსტიციის მინისტირთან არც “ქართული ოცნების” წევრებს და არც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელთა უმეტესობას არ ჰქონდა. ორიოდე კითხვა წულუკიანს “ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთო კახიძემ დაუსვა. ოთო კახიძემ იუსტიციის მინისტრს ჰკითხა, იცნობდა თუ არა მირზა სუბელიანს, შემდეგ კი მისივე ფეისბუკ პოსტი წაუკითხა, სადაც ის ირაკლი შოთაძის გადადგომას ეხმაურება და ჰკითხა, თუ ადასტურებდა წულუკიანი, რომ განცხადება ნამდვილად მისი იყო.

სხდომის დასრულების შემდეგ, თეა წულუკიანის განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა.

“მე არ ველოდი, რომ სულ 5 წუთი დავყოფდი დარბაზში, მეგონა ვისაუბრებდით იმაზე, რომ 2017 წელს საქართველო მსოფლიოში იყო კანონის უზენაესობის ინდექსში 38-ე, რომ პირველია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კანონის უზენაესობის კუთხით” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.