კლიმატი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება – რიონზე მშენებარე ჰესების კომპანიის პასუხი მოსახლეობას

კომპანია “ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია” ცაგერში, მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის პრეტენზიებს პასუხობს. კომპანია უარყოფს, რომ ჰესების ფუნქციონირებით ადგილობრივი მიკროკლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვლება. მისივე ცნობით, მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებში 16 თემიდან დემოკრატიულად არჩეული წევრები არიან ჩართულნი.

კომპანიის განცხადებით, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ისე საერთაშორისო ექსპერტები ადასტურებენ, რომ ჰესების კასკადი ადგილობრივ მიკროკლიმატზე მნიშვენლოვან გავლენას არ მოახდენს. “ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას” ცნიბით, შესაბამისად, საფრთხე არც ყურძნის ჯიშებს ემუქრება.

“მცირე მიკროკლიმატური ცვლილებები შესაძლოა უშუალოდ წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზეა განხორციელდეს, რაც გულისხმობს მცირედით მომატებულ ტენიანობასა და ტემპერატურის დაწევას რეზერვუარიდან მხოლოდ 200 მეტრამდე პერიმეტრში. კომპანია უზრუნველყოფს ადგილობრივი კლიმატის მონიტორინგს მეტეოროლოგიური სადგურების საშუალებით და ყურძნის შემადგენლობის მონიტორინგსა და ფენეოლოგიურ დაკვირვებას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება მევენახეთა ფოკუს ჯგუფი, რომელიც მოიცავს მევენახეების მიერ რეკომენდირებულ დამოუკიდებელ ექსპერტებსც. “ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია” ხელს შეუწყობს აღნიშნულ საქმიანობას, რათა მოხდეს ვაზზე ზემოქმედების შეფასება, მევენახეობის ხელშემწყობი საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტა ექსპერტების მოსაზრების გათვალისწინებით”, – ნათქვამია წერილში, რომელიც ჰესების მშენებელმა კომპანიამ “ნეტგაზეთს” ელ. ფოსტით მიაწოდა.

კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ ჰესების კასკადის ამუშავება საფრთხეს არც საფუტკრე მეურნეობებს შეუქმნის, როგორც ამას ადგილიბრივთა ნაწილი ამბობს:

“ელექტროენერგიის გამომუშავების ეტაპზე მეფუტკრეობაზე რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება მშენებლობის ფაზას, სამშენებლო აქტივობებისგან გამოწვეულმა ხმაურმა და მტვერმა, შესაძლოა, იქონიოს ზეგავლენა, შესაბამისად, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ფუტკრის სკები ზემოქმედების შერბილებელ პროგრამაში მოხვდება, რაც, მაგალითისთვის, შეიძლება გულისხმობდეს დახმარებას სკების ალტერნატიულ ადგილზე გადატანაში”.

მოსახლეობის ნაწილის კიდევ ერთი პრეტენზია ჰესების მშენებლობამდე კომპანიის მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ეხება. მათი თქმით, “ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიამ” ადგილობრივთაგან დაკომპლექტებული საბჭოები შექმნა, თითოეული მათგანი კი სულ 2-7 მოსახლეს მოიცავს, რომლებიც მთელი ხეობის სახელით საუბრობენ. საპასუხოდ, კომპანია აცხადებს, რომ საბჭოებში შემავალი მოსახლეები დემოკრატიული წესით აირჩიეს, შეხვედრებზე კი კომპენსაციის, განსახლებისა და სხვა საკითხებს განიხილავენ.

“უკვე არსებული თემთა საკონსულტაციო საბჭოები, 16 თემიდან დემოკრატიულად არჩეული წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, 30 ოჯახზე ერთი წარმომადგენელი მოდის. საბჭოების მიზანია ღია და გამჭვირვალე დისკუსია კომპანიასა და მოსახლეობას შორის. ამ პლატფორმის საშუალებით, კომპანია დაბლობზე მცხოვრებ ყველა თემს აძლევს შესაძლებლობას, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, იქნება ეს პროექტის მხარდამჭერი თუ საწინააღმდეგო. მოსახლეობა ჩართულია საბჭოების მუშაობაში რათა მათ სრულად გააცნობიერონ თუ როგორ მართავს კომპანია რისკებს და რა სარგებელს მოუტანს პროექტი ადგილობრივებს”, – ამბობს კომპანია.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 750 მილიონი დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს ქართულ ენერგო სექტორში. პროექტს განახორციელებს ქართული კომპანია ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია. პროექტის ინვესტორები ნორვეგიული Clean Energy Group-ი და თურქული კომპანია  ENKA არიან.

მშენებელი კომპანიის ინფორმაციით, ნამახვანის ჰესების კასკადის  პროექტი 750 მილიონი დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ბიუჯეტში საწყის ეტაპზე 90, ყოველწლიურად კი – 20-20 მილიონ ლარს შეიტანს. მშენებლობის ეტაპი კი 3.5 წელი გაგრძელდება, რომელზეც 3 000 ადამიანი დასაქმდება.

კასკადის მშენებლობას ადგილობრივთა ნაწილი, მათ შორის, სოფლების, ტვიშისა და ორხვის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. მათი თქმით, კასკადის ამოქმედების შემდეგ ადგილზე კლიმატი შეიცვლება, რასაც როგორც იშვიათი ჯიშის ყურძნის ჯიშების, ისე საფუთკრე მეურნეობების განადგურება მოჰყვება.

“ყველაფერს ერთად დავკარგავთ” – რატომ ეწინააღმდეგებიან რიონზე ჰესების მშენებლობას ცაგერში?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან