პროტესტი ირანში. ფოტო: VOA

“სიკვდილი დიქტატორს!” – ანტისამთავრობო პროტესტის ახალი ტალღა ირანში

ირანში ანტისამთავრობო პროტესტის ახალი ტალღა აგორდა. დემონსტრაციებზე, რომლებიც მიმდინარე დღეებში 10 ქალაქს მოედო, მთავრობისა და ირანის სულიერი ლიდერების საწინააღმდეგო შეძახილებს სკანდირებენ. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან შეტაკებაშიც გადაიზარდა.

საპროტესტო გამოსვლები ირანში 31 ივლისს დაიწყო. 1 თვის წინ მიმდინარე აქციების მსგავსად, უკმაყოფილო მოქალაქეები ამჯამადაც ეროვნული ვალუტის(რიალის) რეკორდულ ვარდნას, ინფლაციასა და უმუშევრობას აპროტესტებდნენ. თუმცა, პროცესებმა მალე ანტისამთავრობო შინაარსი შეიძინა. გამოსვლები დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, ისფაჰანში, შირაზსა და ქარაჟში მიმდინარეობს.

რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტებს პოლიცია დაუპირისპირდა. რადიო “თავისუფლების” სპარსული სამსახურის ცნობით, ძალოვნებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. საპასუხოდ, მოქალაქეები ნაგვის ურნებსა და სხვა საგნებს წვავენ. ქალაქ ქარაჟში მათ პოლიციის მოტოციკლი ცეცხლში გახვიეს.

რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, პროტესტის ანტისამთავრობო ხასიათი, წინა შემთხვევებთან შედარებით, გაცილებით ნათელია. შეძახილებს შორის დომინირებს: “სიკვდილი დიქტატორს!”, “ჩვენი მტერი აქ არის!”, “მოლები ეცემიან!” და სხვ. როგორც რადიოს ირანელმა ანალიტიკოსმა მეჰდი აჰდავიმ განუცხადა, მიმდინარე პროტესტი ჯერ კიდევ იანვარში დაყწბული გამოსვლების გამოძახილია, თუმცა ახლა სლოგანები ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური ხასიათისაა და ისლამური რესპუბლიკის რეჟიმს მიემართება.

“ამერიკის ხმის” ცნობით, ირანის სახელმწიფო მედია პროტესტის გადაფარვას ცდილობს. მაგალითად, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA აქციების მეორე დღეს იუწყებოდა, რომ რამდენიმე ქალაქში პოლიციამ აქცია დაშალა, მაშინ, როცა გამოსვლები კვლავ მიმდინარეობდა.

ირანში საპროტესტო გამოსვლები 1 თვის წინაც იმართებოდა. მაშინ დემონსტრაციები ბაზრის მოვაჭრეებმა დაიწყეს, რომლებიც ირანული რიალის მკვეთრ გაუფასურებას აპროტესტებდნენ, თუმცა კამპანია პოლიტიკურ ხასიათსაც ატარებდა. საპროტესტო აქციები ქვეყანაში იანვარშიც მიმდინარეობდა.  მაშინ პროტესტმა 75 ქალაქი მოიცვა, პოლიციასთან შეტაკებისას კი 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ისლამური რესპუბლიკის მთავრობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ტრადიციულად, “გარე ძალებს” მიაწერს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან