ახალი ამბები

წულუკიანი: არ ველოდი, რომ სულ 5 წუთს დავყოფდი საგამოძიებო კომისიაში

3 აგვისტო, 2018 • 2932
წულუკიანი: არ ველოდი, რომ სულ 5 წუთს დავყოფდი საგამოძიებო კომისიაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მას ხელისუფლების წარმატებაზე საუბარი სურდა:

“მე არ ველოდი, რომ სულ 5 წუთი დავყოფდი დარბაზში, მეგონა ვისაუბრებდით იმაზე, რომ 2017 წელს საქართველო მსოფლიოში იყო კანონის უზენაესობის ინდექსში 38-ე, რომ პირველია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კანონის უზენაესობის კუთხით” – ამბობს წულუკიანი.

თეა წულუკიანმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმაც გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი და მთავრობის მიერ გატარებული რეფორმის შედეგად, “ვერც გამომძიებელი, პროკურორები და ესენი, საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა, ვერ ყრიან ბაშვებს მტკიცებულებების გარეშე ციხეში”.

წულუკიანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სასამართლო და გამოძიება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბოლომდე “სიმართლის მხარეს იყო”:

“მინდა მივუსამძიმრო [მოკლულთა ოჯახებს] და ვუთხრა, რომ პროკურატურა, სასამართლო, გამოძიება, მე რაც ვიცი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იყო და დაველოდები საგამოძიებო კიმისია საწინააღმდეგოს თუ დაადგენს, იყო ბოლომდე სიმართლის მხარეს.

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საგამოძიებო კომისიას ქმნიან პოლიტიკოსები იმისთვის, რომ სასამართლოში მიმდინარე დავებზე იმსჯელონ. მე ვფიქრობ, აღრეულია ცნებები, აღრეულია ხელისუფლებებს შორის ბალანსი და ურთიერთდამოკიდებულება. დასანანია ეს ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე დღეს მოვედი და მოვისმინე ორი ჩემთვის აბსოლუტურად უცნაური შეკითხვა” – აცხადებს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანი კომისიის სხდომაზე მივიდა, თუმცა გამოკითხვა 5 წუთამდე გაგრძელდა

მასალების გადაბეჭდვის წესი