თეა წულუკიანი კომისიის სხდომაზე მივიდა, თუმცა გამოკითხვა 5 წუთამდე გაგრძელდა

“ქალბატონო თეა, ძალიან მოკლედ ვიტყვი, ნამდვილად არ ვიცით, რატომ ხართ აქ გამოძახებული,” – ეს განცხადება ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თეა წულუკიანის გამოკითხვის დასაწყისში გააკეთა. დღეს, 3 აგვისტოს, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოძახებული თეა წულუკიანის გამოკითხვამ, დაახლოებით, 5 წუთს გასტანა.

როგორც აღმოჩნდა, კითხვები იუსტიციის მინისტირთან არც “ქართული ოცნების” წევრებს და არც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელთა უმეტესობას არ ჰქონდა.

“ქართული ოცნების” განმარტებით, წულუკიანის კომისიის სხდომაზე მიწვევა “ევროპული საქართველოს” იდეა იყო. როგორც დეპუტატი ანრი ოხანაშვილი განმარტავს, “იუსტიციის მინისტრი არ ახორციელებს საპროცესო ზედამხედველობას კონკრეტულ საქმეზე, შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებებთან ვერ იქნებოდა ინფორმირებული, ვერ გასცემდა დავალებებს”.

ორიოდე კითხვა წულუკიანს “ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთო კახიძემ დაუსვა. ოთო კახიძემ იუსტიციის მინისტრს ჰკითხა, იცნობდა თუ არა მირზა სუბელიანს, შემდეგ კი მისივე ფეისბუკ პოსტი წაუკითხა, სადაც ის ირაკლი შოთაძის გადადგომას ეხმაურება და ჰკითხა, თუ ადასტურებდა წულუკიანი, რომ განცხადება ნამდვილად მისი იყო.

ოთო კახიძის მთავარი კითხვა წულუკიანის მიმართ შეეხებოდა ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს. კახიძის თქმით, მას შემდეგ, რაც კომისიამ გამოავლინა პროკურატურის მთელი რიგი ჩავარდნები, ისევ ფიქრობდა თუ არა, რომ შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო და მადლობას იმსახურებდა. წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის წევრს უთხრა რომ კი, ის ისევ ასე ფიქრობდა და აზრი არ შეუცვლია შოთაძის შესახებ. 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიმ დღეს, 3 აგვისტოს, ყოფილ მთავარ პროკურ ირაკლი შოთაძეს, შს მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმინა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან