ახალი ამბები

NGO-ები პრეზიდენტს მოუწოდებენ, დროულად დაასახელოს გვენეტაძის შემცვლელის კანდიდატურა

2 აგვისტო, 2018 • 1278
NGO-ები პრეზიდენტს მოუწოდებენ, დროულად დაასახელოს გვენეტაძის შემცვლელის კანდიდატურა

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, დროულად დაასახელოს უზენესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, რათა სასამართლო სისტემის ხელმძღვანელის დანიშვნა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების პირობებში არ მოხდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტთან ერთად, ასევე მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, “დროულად უზრუნველყონ ისეთი კანდიდატის დასახელება და დანიშვნა, რომელიც ობიექტურად აფასებს სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას და გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს მათ მოსაგვარებლად”.

უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის დანიშვნის წესს საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს. მოქმედი კონსტიტუცია ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, ხოლო პარლამენტი კანდიდატურას საბოლოოდ ამტკიცებს. ამჟამინდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტს ალტერნატივა არ აქვს, მხოლოდ მას შეუძლია დაასახელოს სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა ოქტომბრის ბოლოს ეწურება, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ახალი პრეზიდენტის არჩევიდან ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომლის თანხმადაც, პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში აღარ მონაწილეობს. ახალი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს წევრი და ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარუდგინოს პარლამენტს.

ის, რომ უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა ხდება, არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციისა და სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტილობის რისკებს.

“სასამართლო სისტემაში შექმნილი სავალალო მდგომარეობის ფონზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მოულოდნელად თანამდებობის დატოვება საზოგადოებაში არაერთ კითხვას აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე ყოფნის 3 წლიან პერიოდში ნინო გვენეტაძე არასაკმარისად რეაგირებდა სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მაინც ცხადი იყო მასსა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირება”,- ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ნინო გვენეტაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად და პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს დაამტკიცა. იგი სასამართლოს, დაახლოებით, 3.5 წელი ხელმძღვანელობდა. დღეს გვენეტაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს, რადგან საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობა ესაჭიროება.

მასალების გადაბეჭდვის წესი