ახალი ამბები

დოლიძეს და ჯანეზაშვილს არ სჯერათ, რომ გვენეტაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა

2 აგვისტო, 2018 • 2740
დოლიძეს და ჯანეზაშვილს არ სჯერათ, რომ გვენეტაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მიიჩნევენ, რომ ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება და “სასამართლოში არსებული მძიმე ვითარების დიაგნოზია”.

ანა დოლიძის თქმით, რამდენიმე ფაქტორი არსებობს, რაც გვენეტაძისთვის ამ თანამდებობაზე მუშაობას გაუსაძლისს ხდიდა. მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ სასამართლო რეფორმის მხარდაჭერაზე უარის თქმა და გადაწყვეტილებები, რომელთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნების არსებობდა:

“გვაქვს სამი ძირითადი ფაქტორი, რაც ძალიან მძიმეს თუ არა, გაუსაძლის ხდიდა ამ თანამდებობაზე მუშაობას ქალბატონი ნინოსთვის. პირველი ეს არის სასამართლოში დარჩენილი გაბატონებული დაჯგუფება და მისი გავლენა, რომელიც აკონტროლებს რეალურად სასამართლოს. მეორე, ეს არის “ქართული ოცნების” მხრიდან სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის არქონა. ანუ, რეალურად თუ გინდოდა ამ სისტემასთან რეფორმირება შენ იყავი დარჩენილი თითქმის მარტო, სერიოზული პოლიტიკური მოკავშირის გარეშე. მესამე, ეს არის უდაოდ ის რამდენიმე დიდი დარტყმა, რომელიც რეპუტაციის მხრივ მიადგა ჩვენს სასამართლოს რამდენიმე დიდი საქმესთან მიმართებით კითხვების გამო” – ამბობს ანა დოლიძე.

საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ გასული წლის ნოემბერში ნინო გვენეტაძემ განცხადებაც გააკეთა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო, რასაც რეაგირება არავისგან მოჰყოლია:

“ჩემთვის ეს განცხადება იყო ძალიან მოულოდნელი და შეიძლება ითქვას, შოკის მომგვრელიც კი. რაც შეეხება ის, თუ რას ვუკავშირებ, ბუნებრივია ოფიციალური განცხადება ჩემთვის არის ცნობილი, მაგრამ მე  საზოგადოების ყურადღებას მივაპყრობდი იმ მოვლენებზე, რომელის სასამართლო სისტემაში ხდება. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს, ნოემბერში, ნინო გვენეტაძემ გააკეთა განცხადება, რომ იგი იყო ძალადობის მსხვერპლი, თუმცა ამაზე რეაგირება არ მოყოლია არავის მხრიდან. ჩინჩალაძეს აქვს სერიოზული ბერკეტები და გავლენები სასმართლო სისტემაში და რეალური თავმჯდომარეც ისაა, ამიტომ, ვფიქრობ, გადადგომაზე განცხადება უნდა იყოს ის განგაშის სიგნალი ყველასთვის” – ამბობს ჯანეზაშვილი.

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი