მიმინოშვილი არასრულ დეკლარაციასა და ცენტრში დასაქმებულ შვილ-რძალზე კომენტარს არ აკეთებს

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს. ორგანიზაციის თქმით, მიმინოშვილმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო, ხოლო თავისი შვილი და რძალი ცენტრში უკონკურსოდ დასაქმდნენ.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა გამოცდების და შეფასების ეროვნულ ცენტრს, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ცენტრის დირექტორი, ჯერჯერობით, არ აკეთებს.

რაც შეეხება “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მოკვლევას, როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მაია მიმინოშვილს 2017 წლის 31 აგვისტოს შევსებულ დეკლარაციაში  არ არის აღნიშნული, რომ მიმინოშვილის (მასთან მცხოვრები) შვილი ალექსანდრე ყანჩაველი ფლობდა 14%-იან წილს შპს „არქი დეველოპმენტში”. აღნიშნულ კომპანიაში ყანჩაველი წილის მფლობელი იყო კომპანიის დაფუძნებიდანვე – 2013 წლის 25 თებერვლიდან, თუმცა მაია მიმინოშვილს ამის შესახებ არცერთ დეკლარაციაში არ მიუთითებია. ალექსანდრე ყანჩაველმა აღნიშნული წილი 140 ათას ლარად ირაკლი ქაფიანიძეს 2017 წლის 30 იანვარს მიყიდა.

ორგანიზაციისვე ცნობით, მაია მიმინოშვილის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში არ არის აღნიშნული კიდევ ორი გარემოება – გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის რძალმა, ქეთევან მიქელაიშვილმა (რომელიც, ასევე, მასთან ერთად ცხოვრობს) 2016 წლის 12 დეკემბერს თბილისში, მუხიანის დასახლებაში, მშენებარე კორპუსში 60 კვადრატული მეტრის ფართობი შეიძინა. ამასთან, მიქელაიშვილი 2016 წლის 8 დეკემბერს რეგისტრირებული შპს „კთ-ს” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

როგორც TI წერს, მაია მიმინოშვილის ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, 2009-2012 წლებში რძალი – ქეთევან მინინოშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო 2014- 2016 წლებში მიმინოშვილის შვილი – ალექსანდრე ყანჩაველი ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას ბათუმის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი.

ვრცლად მიმინოშვილის დეკლარაციის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან