ახალი ამბები

გამოვრიცხავ, გვენეტაძის განცხადება ციანიდის საქმეს უკავშირდებოდეს – წულუკიანი

2 აგვისტო, 2018 • 1779
გამოვრიცხავ, გვენეტაძის განცხადება ციანიდის საქმეს უკავშირდებოდეს – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან ნინო გვენეტაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მისი გადადგომის შესახებ მედიისგან შეიტყო.

“მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს, ან მით უფრო ციანიდის საქმეს. არ მგონია, რომ ვცდებოდე მიუხედავად იმისა, რომ მასთან რამდენიმე კვირაა, არ მქონია არც სატელეფონო კონტაქტი და დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე მისი ეს გადაწყვეტილება და აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს, რომ რა პრობლემებიც აქვს მას, როგორც განაცხადა ღიად, ჯანმრთელობის, მოვიკითხო ადამიანურად და ვუსურვო მას ჯანმრთელობა”, – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნინო გვენეტაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად და პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს დაამტკიცა. იგი სასამართლოს დაახლოებით 3.5 წელი ხელმძღვანელობდა. დღეს გვენეტაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს, რადგან საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობა ესაჭიროება.

გუშინ, 1 აგვისტოს, 5-თვიანი ფიქრის შემდეგომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიეღო ე.წ. ციანიდის საქმე. სასამართლო აცხადებს, რომ საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებული პირის ბრალეულობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი