ახალი ამბები

თბილისში 3 ადამიანი ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემეს – ლევან ბერიანიძე

2 აგვისტო, 2018 • 1763
თბილისში 3 ადამიანი ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემეს – ლევან ბერიანიძე

“თანასწორობის მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბერიანიძის ცნობით, თბილისში სამი ადამიანი ჰომოფობიურ ნიადგაზე სცემეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ბერიანიძის ინფორმაციით, დაზარალებულებს თავს ორი 20 წლამდე ადამიანი დაესხა, რომელთაც მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. “თანასწორობის მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორი პოლიციის მხრიდან თავდაპირველად გამოჩენილ გულგრილობაზეც საუბრობს:

“პოლიცია თავიდან გულგრილად ეკიდებოდა საქმეს, თუმცა “თანასწორობის მოძრაობის” იურისტის და საგამოძიებო ნაწილში სხვა განყოფილების ჩართვის შემდეგ, პოლიციის დამოკიდებულება გაუმჯობესდა. დაზარალებულებმა ამ წამს დატოვეს ექსპერტიზის სამსახური. ჩვენ ვამონიტორინგებთ ამ საქმეს, რათა დამნაშავეები საკადრისად დაისაჯონ” .

როგორც ლევან ბერიანიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, დაზარალებულებს სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა თავს ნორმალურად გრძნობენ.

ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ გამომძიებლების მხრიდან მათ მიმართ “საკმაოდ კარგი დამოკიდებულება იყო”.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს–ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126–ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამედიცინო და სასამართლო ექსპერტიზები უკვე დანიშნულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი