ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა

2 აგვისტო, 2018 • 1296
საქართველოს პრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი შეწყალების აქტის შესახებ პრესკონფერენცია დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გამართა და აღნიშნა, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 40 მსჯავრდებული, აქედან 1 ქალი.

“შეწყალების აქტით ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 43 მსჯავრდებულს, აქედან 2 ქალს, 1 არასრულწლოვან მსჯავრდებულს. ამ 43 მსჯავრებულს შორის არის 1 უვადო მსჯავრდებული, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი. შეწყალების საკითხთა კომისიამ 2018 წლის ივლისში სულ 976 პირის საქმე განიხილა”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ამასთან, როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 17 აპრილს ძალადობრივ დანაშაულებებთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი იმ კონსულტაციების საფუძველზე გააუქმა, რომელიც პრეზიდენტმა და შეწყალების კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან გამართა. პრეზიდენტმა მორატორიუმი 23 ივლისს მოხსნა და შეწყალების კომისიას საშუალება მიეცა ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შემცველი საქმეები განეხილა.

ზვიად ქორიძის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილისა და პრეზიდენტის შეხვედრისას გამოითქვა მზადყოფნა შეწყალების კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენლის შეყვანის თაობაზე, თუმცა, სამთავრობო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შემდეგ, იუსტიციის სამინიტრომ პენიტენციალური სისტემის წარმომადგენლის კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი