ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს – სალაძე

2 აგვისტო, 2018 • 2517
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს – სალაძე

საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე კვლავ ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნინო გვენეტაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.  შესაძლებელია თუ არა მმართველმა გუნდმა სცადოს პრეზიდენტი მარგველაშვილის ამ პროცესის მიღმა დატოვება?

უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის დანიშვნის წესს საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს. მოქმედი კონსტიტუცია ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, ხოლო პარლამენტი კანდიდატურას საბოლოოდ ამტკიცებს. ამჟამინდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს ალტერნატივა არ აქვს, მხოლოდ მას შეუძლია დაასახელოს სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა ოქტომბრის ბოლოს ეწურება, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ახალი პრეზიდენტის არჩევიდან, ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომლის თანხმადაც პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში აღარ მონაწილეობს. ახალი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს წევრი და ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარუდგინოს პარლამენტს.

სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ საკმარისი დროა დარჩენილი იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დასახელება მარგველაშვილმა შეძლოს და პარლამენტმა ის დაამტკიცოს. თუ მარგველაშვილი აგვისტოში კანდიდატურას დაასახელებს, საქართველოს პარლამენტი შემოდგომაზე, სექტემბრის პირველ სამშაბათს უნდა შეიკრიბოს და შესაძლებელია, რომ ამ სესიაზე თავმჯდომარე დაამტკიცონ.

სულხან სალაძის თქმით, თეორიულად შესაძლებელია, რომ მმართველმა გუნდმა პროცესი გააჭიანუროს და თავმჯდომარის არჩევა ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთვის გადაავადოს. ასევე არ არსებობს, რაიმე ლიმიტი, რომელიც პარლამენტს აქვს დაწესებული, თუ რამდენჯერ შეიძლება დაიწუნონ პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატი:

“აქ ერთ ძალიან ლოგიკური კითხვა იქნება – ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით მთავარი პროკურორის შერჩევის წესის შეცვლაზე და არსებული წესის შეჩერებაზე, მაშინ ისინი დაბეჯითებით ამბობდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო ამ კონსტიტუციის რედაქციით. დღეს თუ ისინი დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ ავირჩევთ სასამართლოს თავმჯდომარეს, მათ ლოგიკა არ ექნებათ. არ იქნება გამართლებული”,- ამბობს სალაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე თქმით, ახალი წესი ვერ იმუშავებს იმ მიზეზითაც, რომ საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს, რათა ის ჰარმონიაში მოვიდეს ახალ კონსტიტუციასთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის ახალ წესთან.

ნინო გვენეტაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად და პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს დაამტკიცა. იგი სასამართლოს დაახლოებით 3.5 წელი ხელმძღვანელობდა. დღეს გვენეტაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს, რადგან საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობა ესაჭიროება.

გამოსამშვიდობებელ განცხადებაში გვენეტაძე საუბრობს იმ მიღწევებზე, რომელიც მისი შეფასებით, მისი მმართველობის დროს სასამართლო სისტემაში მოხდა. სულხან სალაძეს მიაჩნია, რომ მის მიერ აღქმული წარმატება პრობლემურია, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ნაწილში.

გვენეტაძე მიიჩნევს, რომ მესამე ტალღის რეფორმა წარმატებით განხორციელდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ სასამართლოების სისტემაში შემოსულ საქმეები შემთხვევითი, ელექტრონული წესით ნაწილდება. ასევე ეს უკავშირდება დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას და მის ეფექტურ ფუნქციონირებას და სასამართლო გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წესის ეტაპობრივ დანერგვას.

“ისპექტორის ინსტიტუტის წარმატება ვინ და როდის შეაფასა, რთული სათქმელია. ვიცით როგორ მოხდა შერჩევა. დაგვიანებით იყო ეს პროცესი ჩატარებული, გადაწყვეტილების გამოქვეყნება ჯერ-ჯერობით არ არის დასრულებული პროცესი და გადაწყვეტილების დაშტრიხვის ფორმა, რომელსაც ისინი იყენებენ პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის საქმის წაკითხვას და ანალიზს. აქ საუბარია მეოთხე ტალღაზეც, რომელიც უკვე ერთი წელია პროცესშია, მაგრამ ხელშესახები არაფერი მომხდარა”,- ამბობს სალაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე თქმით, გვენეტაძე დანიშვნის დროს, იგი შემართებით გამოირჩეოდა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის მოსამართლეების დანიშვნის წესზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში, თუმცა როდესაც მოსამართლეთა გამოცდის ტესტების სკანდალი მოხდა, ამის შემდეგ, განელდა მისი აქტიური და შემტევი პოზიციონირება.

“მთლიანობაში თუ შევხედავთ სურათს, ახალი თავმჯდომარეს არანაკლები გამოწვევები დახვდება და ასევე ნაკლები დრო ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი