ახალი ამბები

დაკავებული ამერიკელი პასტორის გამო აშშ თურქეთის ორ მინისტრს სანქციებს უწესებს

2 აგვისტო, 2018 • 2754
დაკავებული ამერიკელი პასტორის გამო აშშ თურქეთის ორ მინისტრს სანქციებს უწესებს

აშშ თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს სანქციებს უწესებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთში მცხოვრები ამერიკელი სასულიერო პირის დაკავების საპასუხოდ მიიღო.

CNN-ის ცნობით, მინისტრებს, აბდულჰამიდ გიულსა და სულეიმან სოილუს დაებლოკათ ყველა ის აქტივი და საკუთრება, რომელიც აშშ–ს იურისდიქციას განეკუთვნება. ამასთან, ამერიკის მოქალაქეებს მათთან ერთად ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის განხორციელება აეკრძალათ. შესაბამისი განკარგულება აშშ–ს ხაზინის დეპარტამენტმა გასცა.

სანქციებმა თურქეთის ეროვნულ ვალუტაზე უკვე იმოქმედა. “ბლუმბერგის” ინფორმაციით, ლირა რეკორდულად დაეცა და ამჟამად 1 ამერიკული დოლარის ღრებულება 5 ლირას აღწევს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშინგტონს საპასუხო ნაბიჯებით უკვე დაემუქრა.

პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში თითქმის 20 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, 2016 წელს, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. გასულ კვირას ის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა შინაპატიმრობაში დატოვეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირს 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც თეთრი სახლის პრეს მდივანმა სარა სანდერსმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პასტორის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. მისივე თქმით, “დონალდ ტრამპი შეწუხებულია იმის გამო, რომ მას არ ათავისუფლებენ”. სანქციების დაწესებამდე, სასულიერო პირის გათავისუფლების საკითხზე ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის არაერთი უშედეგო მოლაპარაკება შედგა.

2016 წელს თურქეთში განხორციელებული გადატრიალების მცდელობის შემდეგ ათობით ათასი ადამიანი დააკავეს. New York Times–ის მონაცემებით, მათ შორის 20 ამერიკის მოქალაქეა. ანკარა მცდელობის ორგანიზებაში პენსილვანიაში მცხოვრებ მქადაგებელს, ფეთულა გიულენს ადანაშაულებს და ვაშინგტონს მის გადაცემას სთხოვს. გიულენი ამ დრომდე აშშ–ში ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი