ახალი ამბები

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

2 აგვისტო, 2018 • 2353
ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს, 2 აგვისტოს, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ამის მიზეზად დასახელებულია “ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ”.

ამასთან, გვენეტაძე მოკლედ მიმოიხილავს 2015 წლის 20 მარტიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების სისტემაში გატარებულ სარეფორმო ღონისძიებებს. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

  1. მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის წარმატებით განხორციელება, რაც გულისხმობს საერთო სასამართლოების სისტემაში შემოსულ საქმეთა შემთხვევითი, ელექტრონული წესით განაწილების დანერგვას და მის წარმატებით ამუშავებას; თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე თანამედროვე დატა ცენტრის გამართვას, რომელიც ემსახურება საქმეთა ელექტრონულ განაწილებას. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას და მის ეფექტურ ფუნქციონირებას; სასამართლო გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წესის ეტაპობრივ დანერგვას.
  2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მართლმსაჯულების ხუთწლიანი სტრატეგიისა  და ორწლიანი სამოქმედო გეგმის მიღებას; წარმატებული ერთწლიანი პერიოდის – ანგარიშის პრეზენტაციას ფართო საზოგადოების წინაშე.
  3. პირველად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში   არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას და ამოქმედებას; მიმდინარე სამუშაოებს სასამართლო პრაქტიკის განზოგადებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარებზე.
  4. მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში აქტიურ საქმიანობას საქართველოს პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რაც უახლოეს მომავალში დაგვირგვინდება ახალი საკანონმდებლო ნოვაციებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. კერძოდ, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების – დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწას;  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალე საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების შემუშავებას და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას; კომერციული პალატების ფუნქციონირების წესის საკანონმდებლო რეგლამენტაციას  და სასამართლოთა განტვირთვას საქმეთა ჭარბი ნაკადისაგან.
  5. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა.
  6. საერთო სასამართლოების სისტემაში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ დაახლოებით ორმოცზე მეტი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი კორპუსის (სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის) დასრულება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობისათვის საპროექტო სამუშაოების მომზადება.

აღნიშნულ წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით საელჩოებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ყველა მნიშვნელოვან სარეფორმო ეტაპზე აქტიურ მხარდაჭერას ახორცილებდნენ მართლმსაჯულების სისტემისადმი. ასევე ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაღმავების კუთხით.

ნინო გვენეტაძე მადლობას უხდის კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ ქართული მართლმსაჯულება ღირსეულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, ღირსეულად მოემსახურება კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის დამკვიდრებას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი