ახალი ამბები

გამოცდების ცენტრში დასაქმებული შვილ-რძალი და მიმინოშვილის არასრულად შევსებული დეკლარაცია – TI

2 აგვისტო, 2018 • 8882
გამოცდების ცენტრში დასაქმებული შვილ-რძალი და მიმინოშვილის არასრულად შევსებული დეკლარაცია – TI

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო. კერძოდ, დოკუმენტში არ არის მითითებული მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული ქონება და მათივე სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, წლების განმავლობაში მიმინოშვილის უწყებაში მისი ოჯახის წევრები კონკურსის გარეშე იყვნენ დასაქმებულები, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.

ქონება და ბიზნესსაქმიანობა, რომელიც დეკლარაციაში არ არის მითითებული

TI-ის ცნობით, მაია მიმინოშვილს 2017 წლის 31 აგვისტოს შევსებულ დეკლარაციაში  არ არის აღნიშნული, რომ მიმინოშვილის (მასთან მცხოვრები) შვილი ალექსანდრე ყანჩაველი ფლობდა 14%-იან წილს შპს „არქი დეველოპმენტში”. აღნიშნულ კომპანიაში ყანჩაველი წილის მფლობელი იყო კომპანიის დაფუძნებიდანვე – 2013 წლის 25 თებერვლიდან, თუმცა მაია მიმინოშვილს ამის შესახებ არცერთ დეკლარაციაში არ მიუთითებია. ალექსანდრე ყანჩაველმა აღნიშნული წილი 140 ათას ლარად ირაკლი ქაფიანიძეს 2017 წლის 30 იანვარს მიყიდა.

“მიმიმოშვილის ოჯახის წევრის კავშირი აღნიშნულ კომპანიასთან მით-უფრო საყურადღებოა, რომ „არქი დეველოპმენტის” კიდევ ერთი მეწილე (59%)  საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან ივლიანე წულაია და დირექტორი თენგიზ წულაია „ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველები არიან: ივლიანე წულაიამ 2016-2017 წლებში მმართველ გუნდს 110 000 ლარი, თენგიზ წულაიამ კი 2016 წელს 50 000 ლარი შესწირეს”, – აცხადებს TI.

ორგანიზაციისვე ცნობით, მაია მიმინოშვილის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში არ არის აღნიშნული კიდევ ორი გარემოება – გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის რძალმა, ქეთევან მიქელაიშვილმა (რომელიც, ასევე, მასთან ერთად ცხოვრობს) 2016 წლის 12 დეკემბერს თბილისში, მუხიანის დასახლებაში, მშენებარე კორპუსში 60 კვადრატული მეტრის ფართობი შეიძინა. ამასთან, მიქელაიშვილი 2016 წლის 8 დეკემბერს რეგისტრირებული შპს „კთ-ს” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

მაია მიმინოშვილის ოჯახის წევრები გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში

როგორც TI წერს, მაია მიმინოშვილის ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, 2009-2012 წლებში რძალი – ქეთევან მინინოშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო 2014- 2016 წლებში მიმინოშვილის შვილი – ალექსანდრე ყანჩაველი ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას ბათუმის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, მაია მიმინოშვილის არც რძალი და არც შვილი თანამდებობაზე კონკურსის წესით არ შერჩეულან. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის” ცენტრის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე ყანჩაველს ბათუმის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორად გამწესებამდე ტრენინგები და გასაუბრება ჩაუტარდა, ხოლო ქეთევან მიქელაიშვილი არასაშტატო თანამდებობაზე მუშაობდა.

“მაია მიმინოშვილი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირად ითვლება. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის” მე-13 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, არ შეიძლება თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე მოხელედ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით დაინიშნოს (გარდა კონკურსის წესით დანიშვნისა) ამ თანამდებობის პირის ახლო ნათესავი”, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ როგორც მიმინოშვილის მიერ დეკლარაციის არასრულად შევსების, ისე მისი ოჯახის წევრების საგამოცდო ცენტრში უკონკურსოდ დასაქმების კანონიერება.

 ნეტგაზეთი დაუკავშირდა გამოცდების და შეფასების ეროვნულ ცენტრს, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ცენტრის დირექტორი, ჯერჯერობით, არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი