“დედოფალი დიდებული, თამარ ასული გიორგისა” – სამშვილდეში თამარის მონეტა აღმოაჩინეს

სამშვილდეში არქეოლოგიური კვლევის შედეგად XII-XIII საუკუნისდროინდელი მონეტები აღმოაჩინეს.

არქეოლოგიური გათხრები ტარდება ექსპედიციის ფარგლებში, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობით სამშვილდეში მიმდინარეობს. ერთ-ერთი სათავსოში კი ხის ყუთში მოთავსებული, სავარაუდოდ, XII-XIII საუკუნის მონეტებს მიაკვლიეს.

მონეტებს შორის კი, მეფე გიორგი III-ისა  და მეფე ლაშა-გიორგის მონეტებთან ერთად, თამარ მეფის მონეტაც აღმოჩნდა წარწერით „დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი.“

განძში, მონეტების გარდა, გაერთიანებულია ზოდები და ფულადი ემისიისათვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტები,  რაც არქეოლოგებს სამშვილდის ნაქალაქარზე ზარაფხანის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის  საფუძველზე, სამშვილდის ნაქალაქარზე სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესი 2013 წლიდან მიმდინარეობს.

ილუსტრაცია: ტელეკომოპანია რუსთავი 2

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.