ბატონი ბიძინას მეცენატობით, ჩვენ გვაქვს ეს სიკეთეები – მინისტრი დენდროლოგიური პარკზე

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდს მოუწოდა, კრიტიკის საპასუხოდ უფრო მეტად იაქტიურონ მისი პოზიციების დასაცავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის დასაცავად დღეს, 1-ელ აგვისტოს, განცხადება გაავრცელა.

„საქართველოს უნიკალური დენდროლოგიური პარკი ექნება. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით, ჩვენს ქვეყანაში მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ფაქტობრივად, ბუნების ახალი ძეგლი იქმნება. უბრალოდ აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ასეთი უნიკალური ტერიტორიის მოწყობა ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენდეს გარემოზე“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა.

“აღნიშნული პროექტების განხორციელება სოციალური და ეკონომიკური ეფექტის მომტანია, რადგან პროცესებში ჩართულია კერძო კომპანიები, რომლებიც შესაძლებლობებს ზრდიან, ქვეყანაში შემოდის ისეთი სპეცტექნიკა, რომელიც მომავალში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩაერთვება; მრავალი მილიონი ლარი იხარჯება ფონდის მიერ იმისთვის, რომ საგზაო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მოეწყოს იმ ადგილებში, საიდანაც ხდება ხეების გადატანა. ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს იღებს მოსახლეობაც, რადგან ეს ხეები, ხშირ შემთხვევაში, კერძო საკუთრებაა”, – ამბობს ლევან დავითაშვილი.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს არ გააჩნია “ფუფუნება”, რესურსები გამოჰყოს მსგავსი პროექტებისთვის.

“ბატონი ბიძინას მეცენატობით, ჩვენ გვაქვს ეს სიკეთეები. გახსოვთ, ალბათ, შეკვეთილში აშენებული საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადაცემის ფაქტის შესახებაც აბსურდული ინფორმაცია ვრცელდებოდა. ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა კეთილი საქმის დისკრედიტაციის მცდელობას. წარმოუდგენელია, ჩვენმა მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ დარბაზი ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს იმიტომ გადასცა, რომ მისი შენახვა ძვირი იყო. ეს უბრალოდ აბსურდია.

არ შემიძლია არ ვახსენო ჯიღაურას მეურნეობა. ქართული ვაზის გენოფონდი ბატონმა ბიძინამ გადაარჩინა… დღეს ეს მეურნეობა, ეს უნიკალური საცავი სახელმწიფოს საკუთრებაა, საჩუქარია ბიძინა ივანიშვილისგან”, – ამბობს მინისტრი. 

როდესაც ლევან დავითაშვილი საუბრობს ივანიშვილისთვის მოთხრილი ხეების სარგებელზე, ის, ფაქტობრივად, იმეორებს ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებას. კერძოდ, “პირველი არხის” ეთერში 24 ივლისს გადაცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ დენდროლოგიური პარკისთვის ხეების გადატანით საქართველოში შემოვიდა “უნიკალური ტექნიკა”, დაიგო 5 მილიონის გზა, ასევე, ფინანსური სარგებელი ნახა მოსახლეობამ, ვისგანაც ხეები შეიძინა, ან ვის ნაკვეთზეც შემდეგ ეს ხეები გაატარეს.

“ოპოზიცია ცოტა უფრო მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი” – ამის შესახებ ივანიშვილმა სწორედ 24 ივლისის ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუს წამყვანმა მაკა ცინცაძემ ივანიშვილს ჰკითხა, მისი აზრით, რატომ არ იცავს მისი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებისაგან.

“გუნდის წევრებს რაც შეეხება, ალბათ, ნაწილს სურვილიც არ ჰქონდა, მაგრამ რესურსიც ცოტა აქვთ. იმის შემდეგ, რაც თავმჯდომარედ დავბრუნდი, შეიძლება  ეს რესურსიც გაჩნდა და შეიძლება უფრო მეტი უნდა უპასუხონ”, – განაცხადა ივანიშვილმა.


ივანიშვილის დანატოვარი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.