ახალი ამბები

“ბიჭების წიგნი” და “გოგონების წიგნი” – სულაკაურმა საბავშვო წიგნები გენდერული ნიშნით დაყო

1 აგვისტო, 2018 • 6387
“ბიჭების წიგნი” და “გოგონების წიგნი” – სულაკაურმა საბავშვო წიგნები გენდერული ნიშნით დაყო

“ბიჭების წიგნი” და “გოგონების წიგნი” – ასე ჰქვია “ბაკურ სულაკაურის” გამომცემლობის ორ ახალ საბავშვო წიგნს, რომლებიც შემეცნებით-გასართობი ხასიათისაა და რომლებიც გამომცემლობამ ერთმანეთისგან გენდერული ნიშნით დაყო. ამის შესახებ მოქალაქეები ფეისბუკზე წერენ.

“სერიის ფარგლებში გამოიცა კიდევ 4 წიგნი – „პატარა გოგონების წიგნი“, „პატარა ბიჭების წიგნი“, „გოგონების წიგნი“ და „ბიჭების წიგნი“. ეს წიგნები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და ორ კატეგორიად იყოფა – ბიჭებისა და გოგონებისთვის. თითოეული წიგნი თქვენი პატარების „მხიარული მეგობარი“ იქნება მთელი ზაფხულის განმავლობაში,” – ვკითხულობთ გამომცემლობის ფეისბუკ პოსტში.

თუმცა, წიგნებს შორის განსხვავება არამხოლოდ სათაურში, არამედ ყდის დიზაინშიც არის. “ბიჭების წიგნი” ცისფერია და მას რობოტები, დინოზავრები და ქაღალდის თვითმფრინავები ახატია. “გოგონების წიგნი” ვარდისფერია, მის ყდაზე კი ფერიები, გაფენილი სარეცხი და ყვავილებია გამოსახული.

“ბიჭები – რობოტები, გოგონები – სარეცხი. ბიჭები – რიცხვები, გოგონები – “სამკაული”. სულაკაურის გამომცემლობისგან მიკვირს და მწყინს, თორემ პალიტრას კი არ შევიმჩნევდით :))”

ასე ეხმაურება ერთ-ერთი მოქალაქე გამომცემლობის ფეისბუკ პოსტს, რაზეც, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” პასუხობს, რომ “სავარჯიშოები ერთმანეთის იდენტურია. შესაბამისად, რიცხვებს არა მხოლოდ “ბიჭების წიგნში”, არამედ “გოგონების წიგნშიც” შეხვდებით”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას”, თუმცა, მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს.

ის, რომ ბავშვებში გოგოებისა და ბიჭების ინტერესებს საზოგადოების სტერეოტიპები და მითები აყალიბებს, არაერთი კვლევა ადასტურებს. მათ შორის PISA-ს 2016 წლის კვლევა. კვლევით დადგინდა, რომ სკოლის ასაკის ბიჭებს უკეთესი შედეგი აქვთ ისეთ საგნებში, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა, ხოლო გოგოები წიგნიერებაში იკავებენ მოწინავე ადგილებს. თუმცა, ეს უკანასკნელი დამოკიდებულია არათუ მათ თანდაყოლილ თვისებებზე, არამედ იმ გარემოზე, რომელშიც ბავშვები იზრდებოდნენ.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ მასწავლებლებს და მშობლებს შეუძლიათ შეცვალონ ეს სტერეოტიპები, რაც საშუალებას მისცემს გოგონებს, თავიანთი პოტენციალი სრულად გამოავლინონ.

“მეცნიერების ისეთი საგნების მიმართ, როგორიცაა მათემატიკა და წიგნიერება, შედეგებში გენდერული სხვაობა მინიმალურია, ეს გვაძლევს საშუალებას ვამტკიცოთ, რომ სხვაობა არ მომდინარეობს რაიმე თანდაყოლილი უნარით, რომელიც სქესთანაა დაკავშირებული, არამედ გარემო ფაქტორებით, რომელზეც მასწავლებლებს, მშობლებს, განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებს, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებს გავლენის მოხდენა შეუძლიათ”,-ვკითხულობთ კვლევაში.

https://www.facebook.com/bakursulakauripublishing/photos/a.386745164210.169636.375226294210/10155829631369211/?type=3&theater&ifg=1

მასალების გადაბეჭდვის წესი