ახალი ამბები

რატომ ამბობს უარს ათასობით პაციენტი C ჰეპატიტის მკურნალობაზე

1 აგვისტო, 2018 • 3420
რატომ ამბობს უარს ათასობით პაციენტი C ჰეპატიტის მკურნალობაზე

C ჰეპატიტის ელიმანიციის პროგრამის ფარგლებში, ამ დაავადებაზე საქართველოში 1 800 000-ზე მეტი ადამინი შემოწმდა. მათგან 7.1%-ს დაავადება დაუდგინდა. თუმცა, მიუხედავად შემოწმებული პაციენტების დიდი ოდენობისა, ექსპერტების მოსაზრებით, დაავადების ელიმინაციისთვის ეს მასშტაბები საკმარისი არაა. საქმეს ართულებს ისიც, რომ პაციენტთა ნაწილი მკურნალობაზე უარს აცხადებს. 

ჯანდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საქართველოში C ჰეპატიტით 150 000 ადამიანია დაავადებული, მკურნალობა კი მხოლოდ 40 000-მა ადამიანმა გაიარა. სტატისტიკის მიხედვით, მკურნალობაგავლილი ბენეფიციარების 98.2 პროცენტი დაავადებისგან განიკურნა.

მიუხედავად იმისა, რომ ძვირადღირებული, ახალი თაობის პრეპარატები სახელმწიფო პროგრამაში ჩართულთათვის უფასოა და განკურნებულთა მაჩვენებელიც მაღალია, პაციენტების დიდი ნაწილი მკურნალობას არ აგრძელებს.

როგორც ჯადანცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ ნეტგაზეთს უთხრა, განმეორებითი გამოკვლევა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ადასტურებს C ჰეპატიტის არსებობას, ქვეყანაში 70 000 ადამიანს აქვს ჩატარებული. ადამიას თქმით, დაახლოებით, 25 000 პაციენტს სკრინინგით C ჰეპატიტის არსებობა დაუდგინდა, თუმცა ისინი განმეორებით (კონფირმაციულ) კვლევაზე აღარ მისულან.

მათგან კი, ვინც გამოკვლევის ორივე ეტაპი გაიარა და ვირუსის არსებობა დაუდგინდა, დაახლოებით 6-8 000 მკურნალობას არ იწყებს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიხედვით, ქვეყანამ დაავადების დამარცხება 2020 წლისთვის უნდა შეძლოს. მიზნის მიღწევას ისიც ართულებს, რომ დაახლოებით 110 000 ადამიანს, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ვირუსის მატარებელია, პროგრამისთვის საერთოდ არ მიუმარტავს.

როგორც ეკა ადამია ამბობს, ამ საკითხზე ცალკე კვლევის ჩატარება იგეგმება, თუმცა რამდენიმე ძირითად მიზეზს, რის გამოც პაციენტები გამოკვლევისა და შემდგომ მუკრნალობის დაწყებისგან თავს იკავებენ, მაინც ასახელებს.

ეკა ადამიას თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, შესაძლოა, სერვისის გეოგრაფიული ხელიმსაწვდომობა იყოს. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით სერვისის მიმწოდებელი 32 დაწესებულება მუშაობს, თუმცა მათი ნახევარზე მეტი თბილისშია თავმოყრილი:

“ცხადია, რეგიონებშიც არის, მაგალითად ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში, მაგრამ უმეტესობა მაინც თბილისშია თავმოყრილი და ძალიან ბევრია ისეთი მუნიციპალიტეტი, სადაც მსგავსი ცენტრი არ არსებობს.

ამიტომ, მაინც მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი  პირველი სვლა ამ მიმართულებით იქნება დეცენტრალიზება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვექნება თითო დაწესებულება, სადაც იქნება ხელმისაწვდომი C ჰეპატიტის მკურნალობა” – ამბობს ადამია.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მეორე მიზეზი ფინანსური ბარიერია. მიუხედავად იმისა, რომ ძვირადღირებული ახალი თაობის მედიკამენტები პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოდა არის ხელმისაწვდომი, რიგი გამოვკლევების დაფინანსება ბენეფიციარს სახხელმწიფოს თანადაფინანსებით საკუთარი ხარჯებითაც უწევს. ეს მკურნალობაში ჩართვამდე დიაგნოსტიკისა და მკურნალობისას მონიტორინგის მიზნით ჩატარებულ გამოკვლევებს ეხება.

ეკა ადამიას თქმით, ფინანსური ფაქტორი ერთ-ერთია, რის გამოც პაციენტები პროგრამაში დროულად ჩართვისგან თავს იკავებენ. მით უმეტეს მაშინ, როცა პაციენტს არაფერი აწუხებს. სპეციალისტების განცხადებით კი C ჰეპატიტი ჩუმი დაავადებაა, რომელიც პაციენტში არ ვლინდება, თუ ის მსუბუქი ფორმითაა:

“ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად ცოტა უჭირთ ფულის გადახდა და ურჩევნიათ ეს თემა იყოს უფასო. თუმცა, შედარებითია ეს ყველაფერი. შეიძლება, მიზერული არა არის ეს თანხები, რომლის გადახდაც უწევთ, თუმცა როცა 100 000-ის ღირებულების სამკურნალო მედიკამენტს სრულიად უფასოდ იღებს ბენეფიციარი, მის მიერ გაწეული ხარჯები მაინც მიზერულია. მით უმეტეს, როცა საქართველოში ერთი კვლევის ჩატარებაც არ შეიძლებოდა იმ ფასად, რაც ახლა მთელი პროგრმაზე იხარჯება” – ამბობს ადამია.

მესამე პრობლემა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელი ასახელებს, სტიგმაა, რომელიც საზოგადოებაში კვლავ რჩება C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ:

“სტიგმა თავისთავად მაინც არის ჩვენდა სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული კამპანიები ტარდება და ძალიან ბევრი ადამიანი უკვე აცხადებს, რომ მას სჭირდება განიკურნოს, ან აქვს C ჰეპატიტი და უკვე მკურნალობს. სტიგმა მაინც რჩება გარკვეულ პროცენტში და თავის გაველნას ახდენს პროგრამის შედეგებზე” – ამბობს ადამია.

ეკა ადამიას განცხადებით, ახლა პროგრამის ფარგლებში ახლა ჩართულ მხარეებს გაორმაგებული მუშაობა უწევთა, რათა დარჩენილი 110 000 ადამიანს გამოკვლევები ჩაუტარდეს და დაავადების დადასტურების შემთხვევაში, მკურნალობაში ჩაერთონ.


ელიმინაციის პროგრამის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება, დაავადების პრევენცია, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ეტაპობობრივი უზრუნველყოფის გზით.

გარდა დაავადებული პაციენტების გამოვლენისა და მათი პროგრამაში ჩართვისა, პროგრამა იმ დაწესებულებების კონტროლსაც ითვალისწინებს, სადაც ამ ვირუსით დაავადების მაღალი რისკია, ესენია: სტომატოლოგიური კლინიკები, ტატუ და სილამაზის სალონები. შემოწმების მიზანი ინფექციების კონტროლია. სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგის მსგავსად ტატუსა და სილამაზის სალონების შემოწმებაც C ჰეპატიტის ელიმინაციასა და პრევენციას ემსახურება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ბიუჯეტმა 2015 წელს შეადგინა 8 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს იგი 22 მილიონამდე გაიზარდა. 2016 წელს საქართვლოს მთავრობამ C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია დაამტკიცა. 5-წლიანი პროგრამის შედეგად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს C ჰეპატიტით დაავადებულთა 95%-ის გამოვლენასა და მკურნალობას. ამისთვის საქართველომ ფარმაცევტულ კომპანია “გილიადთან” გააფორმა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, კომპანია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს – ჰარვონსა და სოფოსბუვირს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2015 წლის კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის შორის C ჰეპატიტით დაავადებული აქტიური პაციენტის წილადობა 5.7%-ს შეადგენს, რის გამოც საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც C ჰეპატიტის მაღალი დატვირთვა აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი