ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო – ადვოკატი

1 აგვისტო, 2018 • 4180
უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო – ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დეკანოზის საქმე წარმოებაში არ მიიღო. ადვოკატის განცხადებით, დავას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ:

“უზენაესმა სასამართლომ 5-თვიანი ფიქრის შემდგომ გადაწყვიტა, წარმოებაში არ მიეღო ე.წ. ციანიდის საქმე, დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმე! მოკლედ იმ ხარისხის დამოუკიდებლობა და გამბედაობაც არ აღმოაჩნდა უზენაეს სასამართლოს, უბრალოდ წარმოებაში–განხილვაში მიეღო საქმე და ჩვენთვის მოესმინა.  ამ გადაწყვეტილებით დეკანოზ გიორგი მამალაძეს კი არა, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი ამ ე.წ “მართლმსაჯულებამ”” – აცხადებს მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი.

[red_box]ე.წ. ციანიდის საქმე – ყველა საიხლე[/red_box]
  • დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას ბრალად პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის მკვლელობის მცდელობა დაუმტკიცდა.
  • დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.
  • პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
  • მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.
  • 2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
  • მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
  • საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.
  • თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.
  • დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

მასალების გადაბეჭდვის წესი