მოსკოვი სომხეთის ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილოა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციის დროს სომხეთის ახალი ხელისუფლება დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. კერძოდ, ლავროვმა სომხეთის წინა ხელისუფლების პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრა.

როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, სომხეთის ახალი ხელისუფლების დაპირება, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკურ დევნაზე უარს იტყოდა, არ შესრულდა.

გარდა ამისა, როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, მოსკოვში მღელვარების საფუძველი გახდა ასევე დთს-ს სივრცეში მომუშავე იმ ორგანიზაციების მუშაობაც, რომელშიც სომხეთიც მონაწილეობს.

“ბოლო დღეებში რამდენჯერმე მივაწვდინეთ ხმა ჩვენი მღელვარების შესახებ სომხეთის ხელისუფლებას. ვიმედოვნებთ, სიტუაცია მაინც კონსტრუქციული გზით წავა”.

რამდენიმე დღის წინ, სომხეთში 2008 წლის 1 მარტის საპროტესტო აქციის დარბევის ფაქტზე სომხეთის მეორე პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი დააპატიმრეს.  აღნიშნულ საქმეზე ბრალი ედება ასევე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიკაელ არუტუნიანს, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. სასამართლომ მას დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, ბრალი წარუდგინეს ОДКБ -ს [კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია] გენერალურ მდივანს იური ხაჩატუროვსაც, რომელიც გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

სომხეთის ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საგამოძიებო უწყების ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 1 მარტის მოვლენების გამოსაძიებლად პოლიტიკური ნება არსებობს.

2008 წლის 1 მარტის მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, რომელიც თან ახლდა საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა, ძალოვნებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეტაკებების შედეგად,10 მოქალაქე დაიღუპა, ასეულობით კი დაშავდა. მათი დაღუპვის საქმეები ამ დრომდე არ არის გამოძიებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი