ახალი ამბები

ოქროს ზოლი გიგანტურ ხელებში: ზღაპრული ხიდი ვიეტნამში

1 აგვისტო, 2018 • 4232
ოქროს ზოლი გიგანტურ ხელებში: ზღაპრული ხიდი ვიეტნამში

ვიეტნამის სიდიდით მეოთხე ქალაქ და ნანგში, მწვანე მთებს შორის, ორ გიგანტურ ხელს გრძელი, ოქროსფერი ზოლი უჭირავს. კომპოზიცია, რომელიც, ერთი შეხედვით, ზღაპარს ჰგავს, ვიეტნამის ერთ-ერთმა არქიტექტურულმა კომპანიამ რეალობად აქცია.

“ოქროს ხიდი” ტურისტებისათვის მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ექცევა. გიგანტური, ქვის ხელებზე დაყრდნობილი ხიდი, ზღვის დონიდან 1 400 მეტრზე მდებარეობს, მისი სიგრძე კი 150 მეტრს შეადგენს. კონსტრუქციას კომპანია “LA Corporation” 1 წელი აშენებდა.

ბა ნას მთიანეთი, რომელსაც ხიდი გადაჰყურებს, კოლონიზაციის პერიოდში ფრანგი მაღალჩინოსნების საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. თუმცა, 1945 წლის რევოლუციის შემდეგ კურორტი, მეტწილად, ნანგრევებად იქცა. ახლა მწვანე გორაკებზე პატარა ფრანგული სოფელი მდებარეობს და საბაგიროს 5.8-კილომეტრიანი გზა მიუყვება, რომელიც ერთ დროს მსოფლიოში უგრძესი იყო.


“ხიდი ქმნის სასეირნო გზას ცაში, ნისლსა და ბა ნას მთიანეთის ზღაპრულ მიწებს შორის”, – უთხრა არქიტექტურული კომპანიის წარმომადგენელმა “Reuters-ს”.

ადგილზე ტურისტთა ნაკადი არ წყდება როგორც ვიეტნამის სხვა ქალაქებიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან.

“კონსტრუქცია მაგრძნობინებს, რომ ადამიანებს ყველაფერი შეუძლიათ”, – აღნიშნა ერთ-ერთმა ტურისტმა ხიდის მონახულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი