ახალი ამბები

პრემია „საბას“ ჟიურიმ 2018 წლის ფინალისტები დაასახელა

1 აგვისტო, 2018 • 2915
პრემია „საბას“ ჟიურიმ 2018 წლის ფინალისტები დაასახელა

31 ივლისს ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბას“ ჟიურიმ ხუთი ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. წელს „საბა“ მეთექვსმეტედ ჩატარდება და ის პრემიის ისტორიაში განსაკუთრებული იქნება.

 „საბა“ ფრანკფურტში 

წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში ჩატარდება. ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, დაჯილდოებას უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან.

ცერემონიის საორგანიზაციო ნაწილში „საბას“ პარტნიორი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრია. დაჯილდოებას პირდაპირ ეთერში ტვ პირველი“, ხოლო ფეისბუკზე თიბისი ბანკისა და „საბას“ გვერდებზე შეგიძლიათ უყუროთ.

„საბა“ ყველაზე მასშტაბური ქართული ლიტერატურული კონკურსია. ის წელს ქვეყნის ფარგლებს გასცდება და უფრო მასშტაბური იქნება. „საბა“ სახალხო პროექტია და მისით საერთაშორისო ლიტერატურული წრეები არიან დაინტერესებული,“ – ამბობს ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ დირექტორი ირინა ჯავახაძე.

 ცვლილებები ნომინაციებში

წინა წლების მსგავსად „საბა“ ზრდას აგრძელებს და წელს ჯილდო 10 ნომინაციაში გაიცემა. ირინა ჯავახაძის განმარტებით, რადგან კონკურსი ნაციონალური ჩარჩოებიდან გადის და საერთაშორისო ხდება, ეს ნომინაციების შინაარსზეც აისახა. წლევანდელი კონკურსის კატეგორიები ასეთია:

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პროზაული კრებული
  3. საუკეთესო პოეტური კრებული
  4. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ქართული თარგმანი
  7. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი
  8. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა
  9. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა
  10. პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის

წელს პრემია არ გაიცემა საუკეთესო კრიტიკისა და დრამატურგიის ნომინაციაში. „ამ ორ ნომინაციაში შემოსული ტექსტები შეჯამდება და პრემია მომავალ წელს გაიცემა“, – ამბობს ირინა ჯავახაძე.

 2018 წლის ფინალისტები 

31 ივლისს პრემია „საბას“ ჟიურიმ 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა.

წლის საუკეთესო რომანი

  1. გურამ ბათიაშვილი – „ელიგულა და კავა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. მარი ბექაური – „ანას მომენტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  3. ლაშა ბუღაძე – „პატარა ქვეყანა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  4. დავით გაბუნია – „დაშლა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
  5. თამარ თანდაშვილი – „მატერიკონი“ (გამომცემლობა „სიესტა“)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

  1. თეონა დოლენჯაშვილი – „პერსონალური ქრისტე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. ლევან მუსხელიშვილი – „მოკლე მოთხრობები“ (გამომცემლობა „სეზანი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

  1. გიორგი არაბული – „გვრინი“(გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. სოსო მეშველიანი – Arboles Altos (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ზურაბ რთველიაშვილი – „პოეზიის დიქტატურა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  4. პაატა შამუგია – „დედა ენა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
  5. ბელა ჩეკურიშვილი – „სიშიშვლის დეტექტორი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  1. საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი) – რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი „ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  2. გაბრიელ ტანიე – „ქანაანის შვილები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ზურა ჯიშკარიანი – „საღეჭი განთიადები: უშაქროდ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  1. სოსო მეშველიანი – „ქუნარეშ“(გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. ირმა ტაველიძე – „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
  3. მარინა ქარცივაძე – Modus Vivendi  (გამომცემლობა „ქოლგა“)

„საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, სექტემბერში გასაჯაროვდება. რაც შეეხება ბოლო 4 ნომინაციას – მათი გამარჯვებული, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე, 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

 „საბას“ ეფექტი და ფინალისტების შეფასება 

თიბისი ბანკმა „საბა“ 2003 წელს დააფუძნა. ამ ხნის განმავლობაში კონკურსის ფარგლებში 3800 წიგნი განიხილეს და 127 პრემია გაიცა, ჯამში 500 ათასი ლარის ოდენობით.

„კონკურსი 16 წელია ტარდება. მის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი არსებობს. ყოველწლიურად იზრდება ნომინაციებისა და წარდგენილი წიგნების რაოდენობა. საბას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ლიტერატურის განვითარების პროცესში,“ – ამბობს ირინა ჯავახაძე.

პოეტმა პაატა შამუგიამ პრემია „საბა“ აქამდე ორჯერ მიიღო.

„ქალაქიდან გასული ვიყავი და სრული სია არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცუდი ხალხი არ იქნება. ფრანკფურტში საპატიო სტუმრის სტატუსი გვაქვს და ჩვენი სახელით განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა კარგი იქნება. ჩვენ უნდა ვეცადოთ და თავი კარგად წარვადგინოთ“, – აღნიშნავს პაატა შამუგია.

თეონა დოლენჯაშვილმა პრემია „საბა“ პირველი გამოცემული წიგნით, დებიუტის ნომინაციაში 2006 წელს აიღო. პრემია მეორედ 2009 წელს, საუკეთესო რომანის ნომინაციაში გადასცეს. წელს მას „პერსონალური ქრისტეთი“ პრემიის მესამედ აღების დიდი შანსი აქვს. მისი თქმით, ფინალურ სიაში, როგორც წესი, კარგი ლიტერატურა ხვდება:

„წელს ძალიან მოკლე ფინალური სიაა. მე ორჯერ ვიყავი „საბას“ ჟიურის წევრი და ვიცი რა შრომატევადი საქმეა. სხვა კონკურსებშიც გამიმარჯვია, მაგრამ ამ პრემიის მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტები მაქვს. ასეთი კონკურსი ლიტერატურულ პროცესს სჭირდება.“

„საბას“ დაფუძნებიდან 15 წელია გასული. ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემია საქართველოში, ელექტრონული წიგნების წამყვანი ინოვაციური ვებ-პლატფორმა და სოციალურ-ლიტერატურული პროექტები – ასეთია “საბას” 15-წლიანი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

ნახევარი მილიონი ლიტერატურის განვითარებისთვის – “საბას” 15 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი