ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია

31 ივლისი, 2018 • 3020
დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია

ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე და “შენების მოძრაობის” დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია.

“მე ვაგრძელებ საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას და საბოლოოდ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, ჩემი გადაწყვეტილება არის საბოლოო და არავის სხვის გადაწყვეტილებაზე აღარაა დამოკიდებული. მე ქართველი ამომრჩეველი მიხილავს ბიულეტინში”,- განაცხადა უსუფაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას.

მისი თქმით, მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ არის დაინტერესებული გრძელვადიანი პარტიულ -პოლიტიკური საქმიანობით, ამიტომ უსუფაშვილის შეთავაზებას ის არ დათანხმდა.  დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს ღია წერილით 5 ივლისს მიმართა და თანამშრომლობა შესთავაზა:

“…მე ამ მიდგომით და ხედვით გადავწყვიტე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამავე მიდგომებს და ხედვებს დაექვემდებარება ჩემი შემდგომი გადაწყვეტილებებიც, მათ შორის, სხვა კანდიდატისთვის შესაძლო მხარდაჭერის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის თაობაზე.

მოგმართავ, განიხილო შენი მონაწილეობა ამ გეგმის დახვეწაშიც და შესრულებაშიც. თუ მზად ხარ, იყო ესოდენ საჭირო ახალი პოლიტიკური პროექტის თანაინიციატორი და შენი შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები ამ ურთულესი საქმის ინტერესებს დაუქვემდებარო, ნატო-ს სამიტის შემდეგ მალევე ვისაუბროთ, მათ შორის, ამ საქმეში შენს დღევანდელ თუ ხვალინდელ როლზე”, – ნათქვამია უსუფაშვილის წერილში. წერილის შემდეგ უსუფაშვილი და მარგველაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ჯერ-ჯერობით პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ცნობილია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და “ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი