ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი დამასკოს იმედად და ფაშინიანის სომხეთი – სამხრეთ კავკასია ივლისში

1 აგვისტო, 2018 • 3946
სოხუმი დამასკოს იმედად და ფაშინიანის სომხეთი – სამხრეთ კავკასია ივლისში

ჩინეთის მზარდი გავლენა კავკასიაში? – საგარეო გავლენები საქართველოს კონტექსტში

როგორ ნაწილდება და განაწილდება საგარეო გავლენები სამხრეთ კავკასიაში? – ამ საკითხზე გამოცემა CaucasusWatch-მა გასულ თვეში ორი ინტერვიუ მოამზადა. ორივე შემთხვევაში, რეგიონის გეოპოლიტიკური სურათი საქართველოსა და მისი ოკუპირებული რეგიონების კონტექსტშია განხილული.

თავდაპირველად, გამოცემამ მკითხველს საფრანგეთის შავი ზღვის ინსტიტუტის დირექტორ მაიკლ ერიკ ლამბერტის მოსაზრებები შესთავაზა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებული რეგიონების მიმართ პრაგმატიზმს მოკლებულია და მათთან დასაახლოებლად საჭირო ნაბიჯებს არ დგამს.

“ტერმინოლოგია “დამარცხება”, “კონფლიქტი” ან “ომი” საქართველოსა და რუსეთს შორის არარელევანტურია ამ კონტექსტში. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა ვისაუბროთ კონფლიქტზე [ერთი მხრივ] საქართველოს და [მეორე მხრივ] აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, რომელშიც ეს ორი სეპარატისტული რეგიონი რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერით სარგებლობდა.

რუსეთი იცავს აფხაზეთს და თან იყენებს სამხედრო მიმართულებით, მაშინ, როცა საქართველოს არ სურს, განიხილოს იდეა, რომ აფხაზეთი მისგან კულტურულად განსხვავებულია. პროცესების გადააზრების უარყოფა იწვევს იმას, რომ კავკასიის რეგიონს არ ჰქონდეს ეკონომიკური მომავალი და განიცდიდეს გარესამყაროს გავლენას, მაშინ, როცა მას შეუძლია, ჰქონდეს როლი საერთაშორისო დონეზე”, – ამბობს ლამბერტი.

მისი თქმით, მაშინ, როცა ადგილობრივი მოთამაშეები “ტექნიკური საკითხების მაგივრად ომსა და პატრიოტიზმზე საუბრობენ”, ვითარება რეგიონში მხოლოდ ახალი ძალის ჩარევით დალაგდება. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ასეთ ძალად სამხრეთ კავკასიას ბეიჯინგი მოევლინება. ლამბერტს ჩინეთი ერთადერთ სახელმწიფოდ ესახება, რომელიც რეგიონში ვითარებას დაასტაბილურებს.

“ფუნდამენტური განსხვავება 90-იან წლებსა და დღევანდელობას შორის არის მოცემულობა, როცა აღარავის სჯერა, რომ რუსეთი ან საქართველო საკუთარ მომავალს თავად დაიცავენ. ეს ობიექტურად აფიქრებინებს ექსპერტებს რეგიონში, რომ ჩინეთი ერთადერთი ძალაა, რომელიც კავკასიის მომავალს გადაწყვეტს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც ინოვატორია გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად, რელევანტური სტრატეგიით და საკითხებს უფრო კომპლექსურად, ფილოსოფიურ დონეზე განიხილავს”, – ამბობს ის.

საფრანგეთის შავი ზღვის ინსტიტუტის დირექტორის ეს მოსაზრება ინტერვიუში ვრცლად განხილული არ არის, რის გამოც ბეიჯინგის კავკასიაში გააქტიურების პერსპექტივა პასუხებზე მეტ კითხვებს აჩენს. ანალიტიკოსი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ რუსეთი ჩინეთის გიგანტური ეკონომიკის კონკურენციას რეგიონში ვერ გაუძლებს.

მაიკლ ერიკ ლამბერტისგან განსხვავებით, CaucasianWatch-ის მეორე რესპონდენტი, მკვლევარი და ანალიტიკოსი ანდრეას უმლანდი, საქართველოს კონფლიქტებში რუსეთის როლზე გაცილებით ღიად და მწვავედ საუბრობს. მისი თქმით, რუსეთი გაყინულ კონფლიქტებს კავკასიაში კონტროლის შესანარჩუნებლად იყენებს:

“მოსკოვის პოლიტიკა ყოფილ საბჭოთა კავშირში ევროპული ინტეგრაციის შეზღუდვასა და რუსული ავტორიტარიზმის საპირისპირო, ლიბერალური მოდელის საბოტაჟს გულისხმობს. ეს ალტერნატიული განვითარების სცენარია, რომელიც შესაძლოა, რუსეთშიც გახდეს პოპულარული. ასევე, რუსეთს სურს, რეგიონალური ძალა გახდეს ახლო აღმოსავლეთში, ხოლო განგრძობითი გავლენა სამხრეთ კავკასიაში ამის მიღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტია”.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ხელში მხოლოდ იარაღია, თუმცა არ არის გამორიცხული, მალე იარაღი დილემად იქცეს:

“…მიუხედავად ამისა, შორეულ პერპექტივაში, კრემლისთვის ეს დილემად იქცევა რუსული ნეო-იმპერიალისტური  დისკურსის გამო, სადაც სულ უფრო განიხილავენ ამ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. ულტრა-ნაციონალისტი იმპერიალისტები დაიწყებენ საუბარს, თუ რატომ არ არის ეს ტერიტორიები უშუალოდ რუსეთის დაქვემდებარებაში. “იმპერიის გადამრჩენელთა” ეს მიდგომა კი ამ ტერიტორიათა რეალურ ფუნქციას ეწინააღმდეგება…”

ამ ვითარებაში უმლანდი საქართველოს ნატო-სთან დაახლოების დადებითად მიიჩნევს, თუმცა მომდევნო წლებში ალიანსის ამ კუთხით გაფართოებას არ ელის. მისი თქმით, უმჯობესია, ქვეყანამ თავდაცვის ალტერნატიულ მოდელებზეც იფიქროს.

“საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობათა განვითარება ნატო-სთან, ზოგადად, ძალიან კარგია. თუმცა, აღნიშნულს ამ ქვეყნების ყურადღება გადააქვს თავდაცვის ალტერნატიული გზებიდან. მომდევნო წლებში, ორი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა კვლავ რთულ სიტუაციაში დარჩება.

…უფრო ჭკვიანური იქნება თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოსა და უკრაინას მხარს დაუჭერენ ალტერნატიული, დროებითი თავდაცვის სტრუქტურების გასაუმჯობესებლად, აზერბაიჯანისა და თურქეთის შეთანხმების მსგავსად. ეს გააუმჯობესებს რეგიონის თავდაცვას, სანამ ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოების ზუსტი თარიღი დაზუსტდება”, – ამბობს ის.

ანდრეას უმლანდი მიიჩნევს, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში კვლავ ყველაზე ძლიერ მოთამაშედ რჩება, თუმცა 90-იანი წლების შემდეგ მისი პოზიციები დასუსტდა. გარდა რეგიონში მიმდინარე შიდა პროცესებისა, აღნიშნულს ანალიტიკოსი ალტერნატიული გარე ძალების გააქტიურებითაც ხსნის.

“პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში პოლიტიკურ დღის წესრიგში რუსეთისაგან სულ უფრო მეტი დამოუკიდებლობა მზარდი ტენდენციაა. მაგალითად შეგვიძლია 2003 წლის ვარდების რევოლუცია ან აზერბაიჯანის ეკონომიკური ბუმი მოვიყვანოთ, რომლითაც ახლა ქვეყანას მანევრირების მეტი თავისუფლება აქვს, ენერგეტიკის ფასების ზრდიდან გამომდინარე. ასევე, სხვა მოთამაშეები, მათ შორის, თურქეთი, დასავლეთი და ჩინეთი მეტად გააქტიურდნენ სამხრეთ კავკასიაში”.

უშუალოდ ჩინეთის გავლენის მნიშვნელოვან ზრდაზე საუბარი უმლანდს ჯერ მხოლოდ სპეკულაციად მიაჩნია, თუმცა აქვე აცხადებს, რომ ეკონომიკურ გიგანტთან მოსკოვს კონკურენცია გაუჭირდება:

“როგორც არაექსპერტმა ამ საკითხში, მხოლოდ ინტუიციურად შემიძლია, გითხრათ, რომ ჩინეთის ეკონომიკური ექსპანია ცენტრალურ აზიასა და ასევე სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის შემცირებისკენ მიილტვის. თუმცა, ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისგან განსხვავებით, ბეიჯინგის ეკონომიკური სვლები პუტინის რეჟიმისთვის სასიცოცხლო საფრთხეს არ შეიცავს. ჩინური მოდელი ასევე ავტორიტარულია და იმ საბჭოთა ქვეყენებში, სადაც ჩინეთი აქტიურობს, არსებულ სტატუს-ქვოს არ ცვლის”.

ხეთები, აფხაზეთი და სირია – რას ელიან სოხუმში დამასკოსგან?

მიმდინარე წლის მაისში ერთით გაიზარდა იმ ქვეყანათა რიცხვი, რომლებიც აცხადებენ, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. სირიამ, უფრო სწორად კი ბაშარ ასადის რეჟიმმა ორივე დე ფაქტო რესპუბლიკა აღიარა და დამასკოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის პირველი ვიზიტიც შედგა.

სანამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიულ ქალაქში სოხუმიდანაც გაფრინდებოდნენ, აფხაზი ოფიციალური პირები ცდილობენ, დაამტკიცონ, ასადის მიერ მათ აღიარებას ისტორიული საფუძველი ჰქონდა. მაგალითად, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხარჯიმბა Eurasianet-ს უყვება, რაოდენ კავშირში არიან აფხაზები ისტორიულ ხეთებთან, რომლებიც, თავის მხრივ, “სირიიდან მოდიან”.

“ჩვენ უძველესი ისტორიული კავშირები გაქვს”, – ეუბნება ხარჯიმბა ჟურნალისტს.

აღიარების შემდეგ, სოხუმში ხშირად იხსენებენ, როგორ მიიღეს აფხაზეთში 500 ლტოლვილი სამოქალაქო ომში გახვეული სირიიდან. აღნიშნულს ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა გამოცემასთან ინტერვიუს დროს “აფხაზეთსა და სირიას შორის ბუნებრივ ხიდად” განიხილავს.

ისტორიულ-კულტურული კავშირების ძიებაში, აფხაზეთის ყოფილი თუ მოქმედი ოფიციალური პირები არ უშვებენ, რომ ასადის ხელისუფლების ეს ნაბიჯი უბრალოდ მადლობის ნიშანი იყო მოსკოვისათვის, რომელიც მას ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარა.

“ეს მრავალი გარემოების შედეგია. რუსული დახმარებისაც, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტად პირდაპირი კონტაქტებისა აფხაზ და სირიელ დიპლომატებს და კულტურის მოღვაწეთა შორის”, – ამბობს ყოფილი დე ფაქტო მინისტრი.

რას მიიღებენ სოხუმში ასადის გადაწყვეტილებით? აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტში, პირველ რიგში, დამასკოში მათი საელჩოს გახსნას ელიან. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები გააღრმავებს.

მანამდე კი, სოხუმში ეძებენ სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნობს. ძებნის პროცესმა კი უკვე მოიცვა რამდენიმე კონტინენტი:

“ვმუშაობთ აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, წყნარი ოკეანის აუზში. ირანი, არაბული ქვეყნები, ჩრდილოეთ აფრიკა, ეთიოპია, ერითრეა… პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოთა უმეტესობა, დიდი თუ მცირე დოზით, ფინანსურად აშშ-ზეა დამოკიდებული”, – ამბობს სოხუმის საგარეო უწყების წარმომადგენელი ინვერ ალშუნდბა.

სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მიმდინარე წლის მაისში აღიარა. ფაქტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. მოგვიანებით თბილისმა სირიისთვის საჰაერო სივრცეც დახურა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

კორუფცია, დაკავებები და “ახალი სომხეთი” გარეგინის წინააღმდეგ – პოსტრევოლუციური სომხეთის ამბები

რევოლუციის შემდგომი სომხეთისათვის მშვიდი არც გასული თვე აღმოჩნდა. კორუფციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში სერჟ სარგსიანის, ასევე მისი წინამორბედი ხელისუფლების არაერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. პარალელურად კი, აპრილიდან გამოყოლილმა საპროტესტო ტალღამ ეჩმიაძინშიც შეაღწია.

ძალაუფლების უზურპაცია – დაკავებულია სომხეთის მეორე პრეზიდენტი

სომხეთისთვის გასული თვის ერთ-ერთი ყველაზე გამოხმაურებადი მოვლენა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის – რობერტ ქოჩარიანის დაკავებაა. ექსპრეზიდენტი რუსეთიდან 25 ივლისის ღამით ჩამოიყვანეს, 27 ივლისს კი ძალაუფლების უზურპაციის ბრალდებით დააკავეს. მუხლი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

საქმე 2008 წლის მარტის ტრაგიკულ მოვლენებს ეხება, როცა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოქალაქეებს ერევანში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. სისხლიან ინციდენტს 8 დემონსტრანტი და 2 პოლიციელი შეეწირა. მაშინ პროცესების მთავარ მოქმედ პირებად ქოჩარიანსა და მის მოკავშირე სერჟ სარგსიანს განიხილავდნენ, რომელმაც არჩევნები მოიგო კიდეც. ამჟამინდელი პრემიერი და მაშინ ოპოზიციის აქტივისტების რიგებში ნიკოლ ფაშინიანი კი არეულობაში მონაწილეობისთვის 7 წლით დააპატიმრეს, თუმცა მომდევნო წელს ამნისტიით გაათავისუფლეს.

მყოფი უკვე ახლა, დაკავების მომენტში, ქოჩარიანმა ბრალდება პოლიტიკურ ვენდეტად შეაფასა.

“ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩვენს რეალობაში ასეთი ხელოვნური პოლიტიკური საქმის მომზადება შეიძლებოდა” – აღნიშნა მან.

ქვეყნის მეორე პრეზიდენტის დაკავება სერჟ სარგსიანის რესპუბლიკურ პარტიაში პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეფასდა, თუმცა Eurasianet-ის შეფასებით, სომხეთში ფაქტმა ენთუზიასტური განწყობები აამაღლა.

ფაშინიანის ანტიკორუფციული კამპანია გრძელდება

უკანასკნელი თვეები სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში  ახალი დაკავებებით აღინიშნა. ივნისსა და ივლისში პოლიციამ სერჟ სარგსიანის ექვსი ნათესავი, დაცვის წევრი და რესპულიკური პარტიის პარლამენტარი დააკავა.

უკვე პროცესების ნაწილად ქცეული “ტელეჩხრეკები” ფაშინიანის მთავრობას არც ამ შემთხვევაში დავიწყებია: კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოიღო პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის ძმისა და ბიძაშვილის სახლიდან კოკაინი, ამფეტამინი და ოქროს იარაღი. სერჟ სარგსიანის კიდევ ერთი ბიძაშვილი ჰომიციდის ბრალდებით, დაცვის წევრი კი მას შემდეგ დააკავეს, რაც ანგარიშზე უცნობი წარმომავლობის $3.1 მილიონი უპოვეს.

ხელისუფლების ქმედებების პარალელურად, სერჟ სარგსიანის მომხრეები პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე სულ უფრო მეტს საუბრობენ. მათი დიდი ნაწილი პოსტ-რევოლუციურ სომხეთში მნიშვნელოვან თანამდებობებს ახლაც ინარჩუნებს. Eurasianet-ის ცნობით, მათი ნაწილი ახლაც ცდილობს, ახალ ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნას და მთავარი დაპირების – ახალი საარჩევნო კანონის – დამტკიცებაში ხელი შეუშალოს.

“ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები მეტად დამოკიდებულნი არიან სერჟზე[სარგსიანზე}. ფიქრი იმაზე, რომ ხალხი ძვლი სისტემიდან უცებ წავა ძალიან ოპტიმისტური ხედვაა”, – აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას ანალიტიკოსი მიკაელ ზოლიანი.

Eurasianet-თან საუბრისას პოლიტიკური კომენტატორი ჰოვანეს იგიტიანი ამბობს, რომ ბევრ ყოფილ მაღალჩინოსანს ახლა იმედი აქვს, რომ პროცესებს რუსეთთან კავშირების მეშვეობით გადაურჩება.

“მილიარდობით დოლარიანი მონოპოლიები ახლა საფრთხის ქვეშაა[ახალი ხელისუფლების მხრიდან]. ყველა ეს მონოპოლია კი რუსეთთანაა დაკავშირებული”,  – ამბობს ის.

რევოლუციური ქაოსი ეკლესიაში – პრეზიდენტის შემდეგ, ადრესატი “არაპოპულაური” პატრიარქია

“გარეგინ, წადი! შეუერთდი სერჟს!” – სლოგანს, რომელიც სომხურად უკეთ ირითმება, ადამიანთა ჯგუფი სომხეთის პატრიარქის მიმართ სკანდირებდა. მათ 14 ივლისს, სომხეთის სამხერეთით, გარეგინ II-ს გზა გადაუკეტეს და რამდენჯერმე ხელითაც შეეხნენ მას. პოლიციამ მისი ავტომობილში ჩასმა შეძლო.

თუმცა, კამპანია პატრიარქის წინააღმდეგ სპონტანური პროტესტით არ დაწყებულა. მოძრაობა “ახალი სომხეთი, ახალი პატრიარქი” გარეგინის გადადგომას აპრილის რევოლუციის შემდეგ ითხოვს. მისი მოთავე სომხეთის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი, ჰიერომონქ ქორიან არაქელიანია, რომლის ორგანიზებითაც დემონსტრაციები ერევანშიც გაიმართა, ერთ-ერთი შეკრება კი ეჩმიაძინში შეჭრითაც დასრულდა.

გარეგინ II სხვადასხვა შინაარსის სკანდალში არაერთგზის გახვეულა. 2011 წელს ის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ გააკრიტიკეს, როცა ის კოლეგას ღვინის ბიზნესზე ესაუბრებოდა. 2015 წელს “გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა” შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე მას მილიონი დოლარი აღმოუჩინა. გარეგინს, რომელსაც სარგსიანის მოკავშირედ მოიაზრებდნენ, ახლა ყოფილი პრეზიდენტის მსგავსად უპირისპირდებიან.

Eurasianet-ის ცნობით, აპრილის რევოლუციისგან განსხვავებით, გარეგინის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს. არა იმიტომ, რომ სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობას მოქმედი პატრიარქი მოსწონს; უბრალოდ, მათ დიდ ნაწილს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები დიდად არ აინტერესებს.

“ეს პროტესტი პირდაპირაა კავშირში რევოლუციასთან. ხალხი იაზრებს, რომ პროტესტი არ არის უნაყოფო და აუცილებლად საშიში. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ეკლესიისა და შიგნით მიმდინარე მოვლენების მიმართ აბსოლუტურად ინდიფერენტულნი არიან. მათი ცხოვრება პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალური საკითხების გადაჭრაზეა დამოკიდებული და არა ეკლესიის”, – უთხრა გამოცემას ჟურნალისტმა კარენ აღექიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი