ამერიკის საელჩო აგვისტოს ომის 10 წლისთავს ეხმიანება

საქართველოში ამერიკის საელჩო მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტით აღებული ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე.

ასე ეხმაურება საელჩო 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავს.

“მომავალ კვირას 10 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში საერთაშორისო საზღვრის გადმოლახვით შეიჭრა და შეეცადა, ეს საზღვრები ძალის გამოყენებით შეეცვალა.რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცი შევიდა ქალაქ გორსა და კონფლიქტის ზონიდან მოშორებულ სხვა ადგილებში, მაგალითად ფოთის პორტში – შორს მთავარი საბრძოლო არეალიდან.

რუსეთმა, ასევე, დაიკავა აფხაზეთის ის ბოლო მონაკვეთი, რომელსაც საქართველო აკონტროლებდა და სადაც ბრძოლა არ მიმდინარეობდა. რუსეთის თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთის არმია შეიჭრა სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ძალისმიერად შეცვლის მიზნით. რუსეთი დღემდე იკავებს საქართველოს ტერიტორიას”,- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წელს, 10 წელიწადი გადის 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 8 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com