ახალი ამბები

ვინ ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას

31 ივლისი, 2018 • 2735
ვინ ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას

მარიხუანის მოხმარების (და არა გასაღების, კულტივაციის ან ფლობის) ლეგალიზების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. კრიტიკოსთა შორის არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ მათ მიერ დაწუნებული დადგენილების შემდეგ, საკონსტიტუციომ აღარ უნდა იარსებოს. მათ შორის საქართველოს მართლამდიდებლური ეკლესიის საპატრიარქოცაა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვა, პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი იყო. ის სოციალურ ქსელში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისთვის საჭირო 200 000 ხელმოწერის ინიციატივით გამოვიდა. დავითაშვილმა საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს თანადგომისკენ მოუწოდა.

უკვე დღეს, ამავე ინიციატივით მოქმედი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური გამოვიდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო წარმოადგენს უწყებას, სადაც რამდენიმე ადამიანს ქვეყნის მოსახლეობაზე მეტი უფლება აქვს.

“თავიდანვე მომხრე ვიყავი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არსებული სახით არ არსებობდეს. მისი უფლებები იცით? შეუძლია, ოთხი მილიონი ადამიანის ნების წინააღმდეგ წავიდეს და არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადოს. ანუ, ვიღაცისგან დანიშნულ ოთხ ადამიანს უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე ოთხ მილიონ ადამიანს. ეს ნონსენსია და სწორი არ არის. არ შეიძლება, ოთხ ადამიანს ასეთი უფლებები ჰქონდეს”, – უთხრა მან “პირველ არხს”.

მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკა არც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს დაუშურებია. პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს თანაშემწემ უწყება “ერის ღალატში” დაადანაშაულა და საპატრიარქოს სახელით ხელისუფლებას საკონსტიტუციოს გაუქმების რეკომენდაციით მიმართა.

“არ შეიძლება, ოთხი კაცი, რომლებიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებენ, ოთხი მილიონი ერის ნებას უგულებელჰყოფდნენ და თავისი გაუგებარი ლოგიკით ღებულობდნენ სრულიად დამღუპველ გადაწყვეტილებებს. საერთოს გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო. ეს იქნება რეკომენდაცია ალბათ”, – თქვა მეუფე შიოს თანაშემწე ანდრია ჯაღმაიძემ.

ინიციატივა უკვე საპრეზიენტო არჩევნების კამპანიის ნაწილადაც იქცა. “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა სასამართლოს დამნაშავე უწოდა და გამარჯვების შემთხვევაში, მისი დაშლის პირობა დადო.

საკონსტიტუციო სასამართლო არ და ვერ გაუქმდება – ასეთია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის წევრის, ევა გოცირიძის პოზიცია. გოცირიძე მიიჩნევს, რომ განვითარებულ ქვეყანაში მსგავსი რამ ვერ მოხდება.

“რა თქმა უნდა, ვერ გაუქმდება და არ გაუქმდება. როგორ შეიძლება, გაუქმდეს სასამართლო, რომელიც არის ქვეყანაში კონსტიტუციის უზენაესობის გარანტი. გამორიცხულია, ეს განვითარებულ ქვეყანაში მოხდეს.

საკონსტიტუციო კონტროლის ფუნქცია ყველგან არსებობს. განსხვავება ისაა, რომ ზოგჯერ ეს ფუნქცია აქვთ საერთო სასამართლოებს. ეს ძირითადად ხდება ანგლო-ამერიკული სისტემის ქვეყნებში. ევროპული ქვეყნებისთვის დამახასიათებელია კონსტიტიცუირი კონტროლი, როცა საკონსტიტოცუო მართლმსაჯულებას აღასრულებს ცალკე სასამართლო”, – უთხრა ევა გოცირიძემ “ნეტგაზეთს.

ინიციატივის შესაფასებლად “ნეტგაზეთი” იურისტებს დაუკავშირდა. კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებაზე საუბარი არასერიოზულია, ვინაიდან ის სწორედ მოქალაქეთა ნებასა და ქვეყნის უზენაეს კანონს – კონსტიტუციას იცავს.

“ის, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთა და აკეთებს თავისი გადაწყვეტილებებით, არის სწორედ ერის ნება. ერმა ეს ნება გამოხატა მაშინ, როცა მიიღო კონსტიტუცია. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს არაფერი ახალი არ უთქვამს იმაზე, რაც კონსტიტუციაში არ გვიწერია.კონსტიტუციაში კი გვიწერია, რომ ყველა ადამიანს სხვებისგან ჩაურევლად აქვს საკუთარი პიროვნების განვითარების უფლება.

ამავე უზენაესი კანონით გავსაზღვრეთ, რომ სწორედ კონსტიტუციის მცველად გვეყოლებოდა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ვფიქრობ, რომ არის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიზაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტიტუტი. ის საკუთარ მოვალეობას, მეტნაკლებად, კარგად ასრულებს და უმკლავდება საზოგადოების გარკვეული ნაწილებისგან წინააღმდეგობას”, – აცხადებს მშვენიერაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მშვენიერაძის თქმით, გარკვეულ ძალებს, მათ შორის საპატრიარქოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ღირებულებითი შეუთავსებლობა აქვთ, რის გამოც მათი მხრიდან უწყებისადმი წინააღმდეგობა ძლიერდება:

“არამარტო საპატრიარქოს, არამედ ბევრ ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც ღირებულებითი შეუთავსებლობა აქვთ დემოკრატიულ ღირებულებებთან, აქვთ შეუთავსებლობა იმ ინსტიტუტებთანაც, რომლებიც არიან დემოკრატიის მცველნი სახელმწიფოში.

ეს არის საკმაოდ კარგი ისტორიის მქონე ინსტიტუტი, რომელიც ძლიერდება, პერსონალურ და ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. ბუნებრივია, მათდამი წინააღმდეგობა არის როგორც ინსტუტისადმი, რომელიც არის საკუთარი გადაწყვეტილებებისა და სტატუსის პატივისმცემელი”.

ინიციატივის სამართლებრივად შეფასების საჭიროებას ვერც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე სულხან სალაძე ხედავს:

“სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას, ასეთი საკითხები დღის წესრიგში არ დგება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ის, რომ ასე მოხდებოდა, ამის მოლოდინი იყო ძალიან დიდი, რადგან სხვა წინა საქმეებშიც, რომლებიც მარიხუანასთან იყო დაკავშირებული, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ასეთი სანქციები არ არის რეალობასთან თანხვედრაში”.

მისი განცხადებით, კონკრეტული უწყების გაუქმების ნაცვლად მსჯელობა იმ საკანონმდებლო გარემოზე უნდა დაიწყოს, რომელიც მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ უნდა შეიქმნას.

“აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ საკონსტიტუციომ თქვა, რომ არაკონსტიტუციურია ესა თუ ის ნორმა, პრობლემაა ის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ხელშესახები არაფერი გაკეთებულა საკანონმდებლო ორგანოში, რომ ის ვაკუუმი არ შექმნილიყო, რომელიც სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნა. ამიტომაც, ჩვენ დღეს ამაზე უნდა გვქონდეს საუბარი და აქტიურ რეჟიმში ვიყოთ კომუნიკაციაში, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ საჭირო დაზღვევები გატარდეს. მათ შორის ის, რომ სკოლებში არ ხდებოდეს ეს, ასევე საჯარო სამსახურთან მიმართებით, სატრანსპორტო საშუალებების მართვის  დროს და ა.შ. ამაზე უნდა ვმსჯელობდეთ და არა იმაზე, გავაუქმოთ თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო”, – აცხადებს სალაძე.

მისივე თქმით, საპატრიარქოს, ისევე როგორც სხვა რელიგიურ გაერთიანებებს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება აქვს, თუმცა უმთავრესია, სასამართლომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და გარე ძალების ზემოქმედება აიცილოს.

ჯაფარიძე: ეს არ იყო მარიხუანისთვის ბრძოლა, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი