ახალი ამბები

რა ნომრით მიიღებს გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

30 ივლისი, 2018 • 1755
რა ნომრით მიიღებს გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

გაერთიანებულ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა იმ თემაზე, თუ რა ნომრით უნდა მიიღოს მონაწილეობა “ძალა ერთობაშიას” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებში.

როგორც გაერთიანების წევრი ნიკა მაჭუტაძე ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ამბობს, გრიგოლ ვაშაძე არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, არამედ სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” კანდიდატია და მან არჩევნებში მონაწილეობა 5 ნომრის ნაცვლად, 1 ნომრით უნდა მიიღოს, რაც მაჭუტაძის პარტიისთვის, “სახელმწიფო ხალხისთვის” მინიჭებული ნომერი იყო:

“ბატონი გრიგოლ ვაშაძე არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. არც რომელიმე კონკრეტული პარტიის კანდიდატი, ის არის ამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი. აქ უნდა იქმნებოდეს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური იდენტობა, ან რომელიმე სოციალური ჯგუფის სოციალური იდენტობა, არამედ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის იდენტობა”, – ამბობს მაჭუტაძე “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

განსხვავებული პოზიცია აქვთ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. ბაჩუკი ქარდავას თქმით, 1 მომხიბვლელია, თუმცა 5 ნომერს ტექნიკური დივიდენდები ახლავს თან:

“1 ძალიან მომხიბვლელია, მიმზიდველია, მაგრამ 5-ს თავისი გარკვეული დატვირთვა აქვს.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სარეკლამო დრო და ის ტექნიკური დივიდენდები, რაც მოჰყვება ნომერს. პოლიტსაბჭო შეიკრიბება და რამდენიმე წუთში მიიღებს ამ გადაწვეტილებას”, – ამბობს ბაჩუკი ქარდავა “ტელეკომპანია იმედთან”.

“ძალა ერთობაშია” ათ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ახალი საქართველო
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  • სახელმწიფო ხალხისთვის
  • საქართველო ლიდერთა შორის – მამუკა გამყრელიძე
  • ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – შოთა მალაშხია
  • ახალი საქართველოსთვის – ნიკოლოზ ვაშაკიძე
  • ემსახურე საქართველოს
  • ევროპელი დემოკრატები
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი