ახალი ამბები

ჯაფარიძე: ეს არ იყო მარიხუანისთვის ბრძოლა, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის

30 ივლისი, 2018 • 6469
ჯაფარიძე: ეს არ იყო მარიხუანისთვის ბრძოლა, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის

პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასაამრთლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველო გახდა უფრო თავისუფალი ქვეყანა, ვიდრე აქამდე იყო. აღნიშნულმა სასამართლომ სწორედ დღეს დააკმაყოფილა გირჩის სარჩელი და გამოაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის ყველანაირი სასჯელი, მათ შორის ჯარიმაც, უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა, თუმცა ეს არ ეხება მის მოყვანა–კულტივირებას. ამისთვის კანონმდებლობა კვლავ დაჯარიმებას ითვალისწინებს.

“ეს არ იყო მარიხუანისთვის ბრძოლა, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის” , – ასე გამოეხმაურა ზურაბ ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, საქართველო მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მარიხუანის მოხმარება ლეგალურია.

“ამ გადაწყვეტილებით ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა იმ ნარკოკარტელებს, რომლებიც არიან ამ ქვეყანაში და რომლებიც ძალიან დიდ ფულს შოულობენ, იქნება ეს სააფთიქო ნარკომანიით თუ სხვა. აქამდე სახელმწიფოს მათთვის ასეთი ძლიერი დარტყმა არ მიუყენებია”, – თქვა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჯაფარიძემ. მან მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებისთვის.

რაც შეეხება მარიხუანის კულტივირებისთვის არსებულ ჯარიმებს, როგორც ჯაფარიძე ამბობს, ამაზე უკვე სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა პოლიტიკა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ამ კუთხით. ის განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებსა და კონკრეტულ სარჩელებს.


ჯაფარიძე: ეს არ იყო მარიხუანისთვის ბრძოლა, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი