ახალი ამბები

დღეს გაირკვევა, იქნება თუ არა მარიხუანის მოხმარება ლეგალური

30 ივლისი, 2018 • 2546
დღეს გაირკვევა, იქნება თუ არა მარიხუანის მოხმარება ლეგალური

დღეს, 16:00 საათზე, თითქმის სამთვიანი განხილვის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით.

მაისის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგია ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივ სარჩელს განიხილავდა, რომელიც მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს გირჩის ლიდრების სარჩელს, საქართველოში მარიხუანის მოხმარება სრულად ლეგალური გახდება.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადოს ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამ შემთხვევაში, მან უარი უნდა თქვას გირჩის ლიდერების მიერ უკვე მოგებული საქმის (#732) ლოგიკაზე.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, თუ ამ საქმეს მოიგებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, მარიხუანა საქართველოში სრულად ლეგალური იქნება:

“ეს არის ბრძოლა, რომელზეც ჩვენ ყველამ დავხარჯეთ ბევრი წელი – ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის! და თავისუფლება იწყება შენი სხეულიდან!

კი, ჩემი სხეული არის ჩემი! მეტი არავისი! და რასაც მინდა, იმას ვუზამ! ან გჯერა ამ მარტივი ჭეშმარიტების, ან იბლანდები საზოგადოებრივი საკუთრების ტრაგიკულ და სასაცილო ლაბირინთებში, და შემდეგ ამთავრებ წითელი ან შავი ტოტალიტარიზმით. მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა მოგებულია, თავისუფლებას წინ ვერაფერი დაუდგება,” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურა ჯაფარიძე, “გირჩის” ოფისში საჯაროდ მარიხუანა დათესეს. 31.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი