ივნისში საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2018 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. საქსტატის თანახმად, 2018 წლის ორივე კვარტალში ეკონომიკური ზრდა 5.7% იყო.

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, საფინანსო საქმიანობისა და ვაჭრობის დარგებში.

მიმდინარე წლის ივნისში 3971 ახალი საწარმოა დარეგისტრირებული. ახლად დარეგისტრირებული საწარმოთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 11%-ით შემცირდა.

2018 წლის ივნისში 2017 წლის ივნისთან შედარებით საგარეო ვაჭრობის ორივე კომპანიენტში ზრდა იყო. ექსპორტი 28%-ით, ხოლო იმპორტი თითქმის 23%-ით გაიზარდა. მთლიანი სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის ივნისში წინა წელთან შედარებით დაახლოებით 24%-ით გაიზარდა.

წყარო: საქსტატი

2018 წლის ივნისში დაახლოებით 10%-ით გაიზარდა დამატაბითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოთა ბრუნვა წინა წლის ივნისთან შედარებით და, ჯამში, 5 932,7 ლარი შეადგინა.

საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ტემპის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.