ახალი ამბები

ადიგენში, “ევროპული საქართველოს” საკრებულოს მაჟორიტარს სცემეს

29 ივლისი, 2018 • 1660
ადიგენში, “ევროპული საქართველოს” საკრებულოს მაჟორიტარს სცემეს

ადიგენის საკრებულოს “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარ დეპუტატს, ზურაბ შანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინაროებს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ცემას გულისხმობს.

“ევროპული საქართველოს” ადიგენის ორგანიზაციის თავმჯდომარე სიმონ პარუნაშვილი მომხდარში პოლიტიკურ მოტივს ხედავს. მისი თქმით, დაპირისპირება “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან მოუვიდა.

როგორც სიმონ პარუნაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, გუშინ 28 ივლისს ადიგენში შუამთობას აღნიშნავდნენ. დღესასწაულის ფარგლებში მოსახლეობა მთაში დოღსა და სხვა აქტივობებზე დასასწრებად ავიდა. პარუნაშვილის თქმით, დოღის შემდეგ ახალგაზრდებს ფეხბურთის თამაში უნდოდათ და ამ საკითხზე ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ. “ევროპული საქართველოს” დეპუტატი ზურაბ შანიძე პარუნაშვილი თქმით, ამ დროს მოშორებით იმყოფებოდა, თუმცა ხმაურზე ახალგაზრდებთან მივიდა, სადაც მისი ახლობლებიც აღმოჩნდნენ:

“დააწყნარეს სიტუაცია, შანიძემ საკუთარი სტუმარი და ძმისშვილი ინციდენტის ადგილიდან წამოიყვანა. მანქანას ელოდებოდნენ სახლში დასაბრუნებლად, რა დროსაც უცებ ათობით ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი მოვარდა და ცემა დაუწყეს შნიძესა და მის თანმხლებ პირებს” – ამბობს პარუნაშვილი “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა “ევროპული საქართველოს” საკრებულოს მაჟორიტარიტარს და მის ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, მსგავს შემთხვევას ორი კვირის წინაც ჰქონდა ადგილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულის მოტივზე საუბარი ნაადრევია და მას გამოძიება დაადგენს.

მოგვიანებით, ადიგენში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება “ქართული ოცნების” პრესსამსახურმაც გაავრცელა. პარტიაში აცხადებენ, რომ ინციდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და ყოველგვარ პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ:

“პოლიტიკური გაერთიანება ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და გამორიცხავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებიან” – ვკითხულობთ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი