ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო: ბაგრამის ბაზაზე ქურდობაში ქართველი სამხედროების მონაწილეობა იკვეთება

29 ივლისი, 2018 • 4429
თავდაცვის სამინისტრო: ბაგრამის ბაზაზე ქურდობაში ქართველი სამხედროების მონაწილეობა იკვეთება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობაში 4 ქართველი სამხედროს მონაწილეობა იკვეთება.

უწყება მომხდარს გმობს და აცხადებს, რომ გამოძიებაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოლიცია უძღვება, სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქურდობაში, ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო ძალების სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობა იკვეთება, რომელთა შორის ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურეა.

თავდაცვის სამინისტოში აცხადებენ, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, საქონლის ქურდობით წინასწარი ინფორმაციით, ავღანეთში არსებულ სავაჭრო ობიექტს 3600 აშშ დოლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან და  საქმის მასალების გადმოცემისთანავე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია ფაქტობრივ მდგომარეობას დაადგენს და საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდის. დამნაშავეები კი უწყების განცხადებით, კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

“აღსანიშნავია, რომ ქართული კონტინგენტისთვის ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელსაც სისტემურ ხასიათთან კავშირი არ აქვს. ფაქტი მტკივნეულად იქნა აღქმული, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების, ისე ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის მხრიდან. ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების ქმედება არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან, რადგან ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია” – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაცია ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე ქურდობაში ქართველი სამხედროების შესაძლო ჩართულობაზე პირველად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა. ტელეკომპანია წყაროზე დაყრდნობით  აცხადებდა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ნივთები მოიპარეს, რომელიც შემდეგ, ჩხრეკის დროს, მათ ყაზარმებში იპოვეს. ნივთების ნაწილი ბაზის ტერიტორიიდან იყო გატანილი და ქაბულის ბაზრობაზე იყიდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი