ახალი ამბები

ავღანეთში 4 ქართველი სამხედრო ქურდობის ფაქტზე გამოკითხეს – რუსთავი 2

29 ივლისი, 2018 • 3731
ავღანეთში 4 ქართველი სამხედრო ქურდობის ფაქტზე გამოკითხეს – რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ავღანეთში დისლოცირებული რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ ამერიკის შეირაღებული ძალების სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჩადენილ შესაძლო დანაშაულს. ბაგრამის სამხედრო ბაზიდან კურიერს წყარო უყვება, რომ ქართველ სამხედროებს ქურდობაში სდებენ ბრალს.

როგორც კურიერი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ქართველმა ჯარისკაცებმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ნივთები მოიპარეს, რომელიც შემდეგ, ჩხრეკის დროს, მათ ყაზარმებში იპოვეს. ნივთების ნაწილი ბაზის ტერიტორიიდან იყო გატანილი და ქაბულის ბაზრობაზე იყიდებოდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოპარული ნივთების ღირებულება 3 600 დოლარს შეადგენს.

რუსთავი 2 წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯარისკაცები მსგავს დანაშაულში ამხილეს, თუმცა, ამჯერად ნატო-ს ბაზის სამხედრო ხელმძღვანელობამ ქართველი სამხედროების სამაგალითო დასჯის გადაწყვეტილება მიიღო და გამოძიება დაიწყო.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჯარისკაცები გამოკითხვაზე ამერიკის შეირაღებული ძალების სამხედრო პოლიციამ გადაიყვანა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე რუსთავი 2-თან საუბრისას ადასტურებს, რომ ქართველი ჯარისკაცები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

კახა ტაბატაძის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ქურდობის ფაქტებსა და სავაჭრო ობიექტში მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სადაც სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად, ქართველი სამხედროების სავარაუდო მონაწილეობაზეა საუბარი.

“პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქურდობის ფაქტებში და სავაჭრო ობიექტში მიყენებულ ზარალში იკვეთება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების და მათ შორის, 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით. აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ჩვეულებრივად იმყოფებიან ბაზაზე, არავინ არ არის დაკავებული, ჩვეულებრივად აგრძელებენ სამსახურს. მე კონტაქტი არ მქონია უშუალოდ, პირადად, ისინი იმყოფებოდნენ პირველ ეტაპზე ამერიკული მხარის სამხედრო პოლიციასთან მხოლოდ გამოკითხვაზე,” – განუცხადა რუსთავი 2-ს კახა ტაბატაძემ.

პოლკოვნიკის თქმით, თუ გამოიკვეთება ქართველი სამხედროების დანაშაული, მაშინ მათ საქართველოში დააბრუნებენ:

“როგორც კი მასალები გადმოეცემა ქართულ მხარეს, თუკი გამოკვეთავს ქართული სამხედრო პოლიცია ამერიკულ სამხედრო პოლიციასთან კოორდინაციით, რომ აღნიშნულ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს რაიმე ბრალი მიუძღვის აღნიშნულ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ისინი იქნებიან დაბრუნებული საქართველოში.”

კახა ტაბატაძე რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის მტკივნეული ფაქტი მთელი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენლობის და მთლიანად, პირადი შემადგენლობის მიერ.

  • შენიშვნა: ჯარისკაცების ფოტო გამოყენებულია მასალის ილუსტრაციისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი