ახალი ამბები

შსს: ჩვენი გამომძიებლები აშშ-ის ფედერალური ბიუროს აკადემიაში დატრენინგდებიან

28 ივლისი, 2018 • 2331
შსს: ჩვენი გამომძიებლები აშშ-ის ფედერალური ბიუროს აკადემიაში დატრენინგდებიან

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს კრისტოფერ რეის შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, ასევე, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, კიბერდანაშაულის კუთხით სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის შსს-ს ხელშეწყობა გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასა და ქართველი პოლიციელების სწავლება ფედერალური ბიუროს აკადემიაში.

უწყების ინფორმაციით, ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეთანხმდნენ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებლები ფედერალური ბიუროს აკადემიაში გადამზადდებიან, განსაკუთრებით საგამოძიებო მიმართულებით.

შსს-ს ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართველი სამართალდამცავები ტრანსსასაზღვრო და საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში ჩაერთვებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი