ვიდეო ▶ რუსეთიდან გაპარული სელაპი მიშიკო ფოთის შემდეგ ქობულეთში გამოჩნდა

27 ივლისს, რუსეთის ქალაქ ანაპის დელფინარიუმიდან გაპარული სელაპი მიშიკო ფოთის შემდეგ ქობულეთში დააფიქსირეს. ამჯერად თვითმხილველმა ვიდეოს გადაღება მოასწრო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ გუჩმანიძემ ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ ქობულეთში ნანახი სელაპი ნამდვილად მიშიკოა.

არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, შავ ზღვაში მხოლოდ ერთი სახეობის სელაპი ბერი ბინადრობს, მიშიკო კი სხვა სახეობის სელაპია. მისი თქმით, ამჟამად აკვირდებიან სელაპის ქცევებსა და გადაადგილებას.

რუსეთიდან გაპარვის შემდეგ მიშიკო აფხაზეთში დაიჭირეს და ცოტა ხნით ბიჭვინთაში ჰყავდათ, თუმცა იქიდანაც შეძლო გაპარვა და გეზი შავი ზღვის საქართველოს აკვატორიისკენ აიღო, სადაც 1936 წლის შემდეგ სელაპი არავის უნახავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.