აფხაზეთში ნარკოტიკის გავრცელებისთვის შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე კანონი მიიღეს. მათ შორის, პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკის გავრცელებისთვის სამუდამო სასჯელს ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

როგორც გამოცემა ეხოკავკაზა წერს, 2017 წელს აფხაზეთის პარლამენტში შეიქმნა კომისია, რომელიც ნარკოტიკების საკითხზე მუშაობდა. აღნიშნული კანონპროექტი სწორედ ამ კომისიის მუშაობის შედეგია.

ცვლილებები შეეხება დე ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე მუხლის მესამე ნაწილს. დღეს აღნიშნული მუხლი ნარკოტიკის გავრცელებისთვის 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კანონის ახალი რედაქციის შესაბამისად კი – სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ქონების კონფისკაციით.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე ნარკოტიკის გავრცელების პროცესს შეაჩერებს.

აფხაზმა დეპუტატებმა კანონპროექტი პირველი მოსმენით ერთხმად მიიღეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი