ახალი ამბები

წინასაარჩევნოდ ბევრი საკითხი ბუნდოვანია – NDI -ის დელეგაცია

27 ივლისი, 2018 • 1659
წინასაარჩევნოდ ბევრი საკითხი ბუნდოვანია – NDI -ის დელეგაცია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის დაკვირვებით, წინასაარჩევნოდ ბევრი საკითხი კვლავ ბუნდოვანია – არჩევნების თარიღი, მმართველი პარტიის კანდიდატი, ამჟამინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილება და სხვა. 

ორგანიზაციის შეფასებით, პრეზიდენტის ინსტიტუტის შეზღუდული ფუნქციების გამო, პარტიების მოსაზრებები არჩევნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით იყოფა, რაც საზოგადოებას წინააღმდეგობრივ გზავნილებს აწვდის. თავად NDI მიიჩნევს, რომ შემცირებული პასუხისმგებლობების ფონზეც კი, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მანდატი გააჩნია – წარმოადგინოს მოქალაქეები და ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხების ირგვლივ დისკუსიები წამოჭრას. ოპოზიციური პარტიები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, მთავრობა დამატებით გააკონტროლოს და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქვეყანა წარმოადგინოს.

“საპრეზიდენტო არჩევნები არის შესაძლებლობა კანდიდატებისა და პარტიებისთვის, წარმოადგინონ დამარწმუნებელი ხედვა, რათა მუხტი შემოიტანონ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკური ლიდერებით იმედგაცრუებულია. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციები ადამიანების ყოველდღიური ზრუნვის საკითხების – განსაკუთრებით, ეკონომიკის – ჭრილში იქნას განხილული; თუმცა ისეთი დაპირებების გაცემის გარეშე, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცილდება”,- აცხადებს NDI. 

ორგანიზაცია მიიჩნეევს, რომ დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემები კვლავ გადაუწყვეტელი რჩება, მაგალითად, რესურსები და დაშინება.

რესურსების ნაწილში ეს არათანაბარ შემოწირულობებს და ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას გულისხმობს, ხოლო დაშინების სავარაუდო ფაქტები და ძალადობის (თუმცა იშვიათი) ინციდენტების გამოძიების არდასრულება დაუსჯელობის გზავნილს აგზავნის და საარჩევნო გარემოში შიშის ელემენტი შემოაქვს. 

დამატებით გამოწვევებს ასევე წარმოადგენს – საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება, ხმების დათვლის და ბიულეტენების შეჯამების პროცედურების დამატებითი განმარტება და საჩივრების განხილვა. მათი გადაწყვეტა სამართლებრივი და პროცედურული ღონისძიებების გატარებით არის შესაძლებელი.

დელეგაციამ ანგარიშში წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება არჩევნებამდე არის შესაძლებელი. 

  • პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს და კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ;
  • მთავრობის ხელმძღვანელობამ ყველა საჯარო მოხელეს და საზოგადოებას მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართ შეუწყნარებელი იქნება და მოძალადეებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ;
  • პროკურორებმა და მოსამართლეებმა 2016 და 2017 წლების არჩევნების დროს ჩადენილი ძალადობის ფაქტების მიუკერძოებელი და დროული გადაწყვეტა უნდა უზრუნველყონ, რათა მომავალში მსგავსი ფაქტები თავიდან იქნას აცილებული და საზოგადოებას პოზიტიური მესიჯი მიეწოდოს;
  • დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ამჟამად მწვავე არ არის, ოპოზიციური და მმართველი პარტიები თანხმდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიაზე შეტევები ხორციელდება და დეზინფორმაციის უწყვეტი ნაკადია. ამ შეტევებთან გამკლავების მიზნით საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ.

დელეგაციას მიაჩნია, რომ  არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. დელეგაცია ხაზს უსვამს, რომ არ ერევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში და მიიჩნევს, რომ არჩევნების სანდოობასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი