ახალი ამბები

რა შემთხვევაში ჩაერთვება ელისაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში

27 ივლისი, 2018 • 1822
რა შემთხვევაში ჩაერთვება ელისაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში

ალეკო ელისაშვილმა TV პირველის გადაცემა “დღის ამბებში” საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და აღნიშნულ ნაბიჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ არჩევნებში არ ჩაერთვება როგორც “ქართული ოცნებისგან”, ისე “ნაციონალური მოძრაობისგან” დამოუკიდებელი კანდიდატი.

“მე მხარს დავუჭერ მებრძოლ და პრინციპულ ადამიანს. თუ ასეთი არ იქნება, ჩემი ნერვების ხარჯზე ისევ უნდა გადავდო თავის იმისთვის, რომ რაღაცას მივაღწიოთ და არ დავუთმოთ არც “ნაციონალურ მოძრაობას” და არც “ქართულ ოცნებას” ეს თანამდებობა. ყველას გვახსოვდეს, რომ ეს არის ბოლო შემთხვევა, როცა ხალხი პირდაპირ აირჩევს პრეზიდენტს”, – აღნიშნა მან.

საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა საზოგადოებას რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უკვე წარუდგინა. “ნაციონალური მოძრაობა” კანდიდატად გრიგოლ ვაშაძეს წარადგენს, “ევროპული საქართველო” – დავით ბაქრაძეს, “გირჩი” – ზურაბ ჯაფარიძეს, “შენების მოძრაობა” კი, დავით უსუფაშვილს. საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად ჯერ არცერთ მათგანს წარუდგენია.

ჯერჯერობით უცნობია, ვის წარადგენს ან წარადგენს თუ არა ვინმეს საპრეზიდენტო კანდიდატად “ქართული ოცნება”. როგორც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა “პირველი არხის” ეთერში აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატი გუნდიდან არ დაასახელოს. 25 ივლისს კი ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიძლება არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი