ახალი ამბები

როგორ ეხმარებიან ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში ხანძრით დაზარალებულებს

27 ივლისი, 2018 • 21059
როგორ ეხმარებიან ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში ხანძრით დაზარალებულებს

საბერძნეთში 23 ივლისს გაჩენილი ხანძრის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის თავშესაფრები სხვადასხვა დაწესებულებაში არის გახსნილი. დაზარალებულებს პირველივე დღიდან უამრავი ადამიანი ეხმარება, მათ შორის არიან საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც.

გიორგი ბერაძე ათენში, ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდა, როდესაც ცაზე ნაცრისფერი კვამლი შენიშნა. მალე ჰორიზონტი კვამლით მთლიანად დაიფარა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფებმა სოფელ მატიში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შესახებ პირველი ცნობები მიიღეს.

“ცაზე 2-3 წუთში მოედო შავი ფერის კვამლი. აშკარა იყო, რომ ეს კვამლი იყო და არა ღრუბელი. მალევე თითქმის მთელი ათენის ცა დაფარა ამ შავმა კვამლმა. ხალხი სანაპიროზე შეშინებული იყო, უცებვე გავრცელდა ინფორმაცია რადიოს საშუალებით, რომ მატიში იყო ხანძარი”.

ათენის ცა 23 ივლისს, ხანძრის დროს. ფოტო: გიორგი ბერაძე

სტიქიის ეპიცენტრისკენ მიმავალი გზები მალევე გადაიკეტა, რის გამოც გიორგიმ და მისმა ახლობლებმა, რომლებიც ჯგუფში “ემიგრანტის ხმა” ერთიანდებიან, პირველ დღეს მატიში ჩასვლა ვერ შეძლეს. ისინი სოფლისკენ მეორე დილით გაემართნენ და თავდაპირველად, 3 დაკარგული ქართველი ქალის ძებნას შეეცადნენ. მას შემდეგ, რაც ყველა მათგანი გამოჩნდა, გიორგი ბერაძე თანმხლებ პირებთან ერთად ხანძრით დაზარალებულთა დახმარების პროცესში ჩაერთო.

“უკვე მეორე დღეს ადგილზე წყლები, პირველადი დახმარების საგნები და საკვები ჩავიტანეთ. იქ არის კაფეები, სადაც ეს საკვები, წყალი და სხვა საგნები თავსდება და შემდეგ რიგდება ადგილობრივებზე. ყველას მიჰქონდა, რაც შეეძლო, აბსოლუტურად ყველას.

ქუჩებში დადის ხალხი, ზოგიერთი – მანქანებით, ეუბნებიან ადგილობრივებს, რა აქვთ და ეკითხებიან, რა სჭირდებათ. ჩადიან ათენიდან, მისი შემოგარენიდან… ასევე ვიყავით ჩვენც”, – განუცხადა გიორგი ბერაძემ “ნეტგაზეთს”.

სოფელი მატი ხანძრის შემდეგ. ფოტო: გიორგი ბერაძე

გიორგი გადამწვარი სოფლიდან ათობით კილომეტრის დაშორებით, ათენში ცხოვრობს, თუმცა სტიქიის ეპიცენტრში ყოველდღე ჩადის და ასე აპირებს განაგრძოს მანამ, სანამ დაზარალებულთა დახმარების საჭიროება იქნება:

“სოფელი ჩემი საცხოვრებელი ადგილიდან 100 კილომეტრითაა დაშორებული. ყოველდღე, დილით მივიდვარ და საღამოს ვბრუნდები. ადგილზე გვყავს მეგობრები, ასევე ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას, რა სახის დახმარებაა საჭირო. დღესაც ანალოგიურად ვაპირებთ, წავიღოთ წყალი, საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები და ა.შ. ვეკითხებით პოლიციას, სამაშველოებს, და თუ ფიზიკურად გახდება დახმარება საჭირო, ყველანაირად მზად ვართ”.

ხანძრით დაზარალებულთა დახმარების პროცესში საბერძნეთში მოქმედი “ქართველ და ბერძენ სტუდენტთა ასოციაციაც” ჩაერთო. ისინი სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებსაც დაუკავშირდნენ და ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს, შემდეგ კი ხანძრის ეპიცენტრშიც გაემგზავრნენ.

ჰუმანიტარული დახმარება სტიქიის ზონაში. ფოტო: სტუდენტთა ასოციაცია

“მეორე დღესვე ჩავერთეთ ბერძნული საქველმოქმედო ორგანიზაციის აქციაში და პირველადი მოხმარების საგნები შევაგროვეთ, რომლებიც იმავე დღეს ჩაუტანეს დაზარალებულებს რაფინაში. ასევე, ბერძენ სტუდენტებთან ერთად ჩავედით ადგილზე, შევხვდით დაზარალებულებს, გადავიღეთ დამწვარი ტერიტორია და პირველადი მოხმარების საგნები რაფინას სპორტულ დარბაზში დავტოვეთ. საქველმოქმედო აქცია გრძელდება კვირამდე. ვისაც სურს დახმარება, შეუძლიათ, ათენში, ვიქტორიას მეტროსთან, ქართულ სახლში მოვიდნენ, დავუდგეთ გვერდით მეგობარ ერს და დავეხმაროთ ამ მძიმე მომენტში”, – განუცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლიკა ჯანელიძემ “ნეტგაზეთს”.

23 ივლისს ათენის შემოგარენში, სამ სხვადასხვა ადგილზე, 15 ხანძრის კერა ერთდროულად გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 82 ადამიანი შეეწირა. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება Greek Reporter იუწყება, მთლიანად არის განადგურებული ტურისტული სოფელი მატი. ხანძრის შედეგად დამწვარია 3 ათასამდე სახლი და ასეულობით მანქანა. ტყეში გაჩენილი ხანძარი მალევე მოედო დასახლებულ რაიონებს, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა, 100 კმ/სთ სიჩქარის ქარმა. ადამიანთა ნაწილმა ცეცხლმოდებული სახლებიდან და ავტომობილებიდან თავის დაღწევა ვერ შეძლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი