ახალი ამბები

2018 წელს ნარკორეალიზაციის ბრალდებით 98 პირია დაკავებული – შსს

27 ივლისი, 2018 • 1320
2018 წელს ნარკორეალიზაციის ბრალდებით 98 პირია დაკავებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 98 პირი დააკავეს.

ჭელიძემ დღეს, 27 ივლისს გამართულ ბრიფინგზე უფრო დეტალურად ისაუბრა რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაზე .

მამუკა ჭელიძის ცნობით, სხვადასხვა განყოფილებისა და პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და კახეთში ხუთი პირი დააკევს. გამოძიება მათ ნარკომომხმარებლებში „ვარდისფერი ამფეტამინის“ სახელით ცნობილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებას ედავება. თბილისსა და კახეთში დაკავებულები არიან:

  • 1994 წელს დაბადებული ზ. ლ.
  • 1992 წელს დაბადებული რ. ე.
  • 1997 წელს დაბადებული ქ. შ.
  • 1997 წელს დაბადებული ა.ლ.
  • 1998 წელს დაბადებული მ.გ.

დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულთათვის წაყენებული ბრალი 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებებს ინტერნეტით ყიდდნენ. სამართალდამცავებმა აღნიშნული ნარკოტიკი, გამოძიების ფარგლებში, კონტროლის მიზნით შეიძინეს.

როგორც სამართალდამცავი უწყება აცხადებს, ბრალდებულები ინტერნეტით გაყიდულ ნარკოტიკს სხვადასხვა ადგილზე მალავდნენ და ამის შესახებ შემსყიდველს მოგვიანებით აწვდიდნენ ინფორმაციას.

“გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ადგილას დამალული, სარეალიზაციოდ გამზადებული 134 შეკვრა, ხოლო დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 196 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, სავარაუდოდ, ე.წ. „ვარდისფერი ამფეტამინი“. დანიშნულია შესაბამის ექსპერტიზები”, – აცხადებს შსს.

ინფორმაციას შსს-ს მიერ ნახსენებ სხვა საქმეებზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი