ახალი ამბები

EMC-მ მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ხარვეზებზე შეფასების დოკუმენტი სახელმწიფო უწყებებს გაუგზავნა

27 ივლისი, 2018 • 1245
EMC-მ მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ხარვეზებზე შეფასების დოკუმენტი სახელმწიფო უწყებებს გაუგზავნა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების ხარვეზებზე ვრცელი სამართლებრივი შეფასების დოკუმენტი პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, მთავარ პროკურორსა და სხვა პასუხისმგებელ უწყებებს გაუგზავნა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, საქმის ეფექტიანი გამოძიების და მისი მძიმე სოციალური შედეგების აღმოფხვრის მიზნით, EMC სახელმწიფო უწყებებისგან სათანადო რეაგირებას ითხოვს.

“სამართლებრივი შეფასების დოკუმენტში EMC მიუთითებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესი სერიოზული სამართლებრივი ხარვეზებით მიმდინარეობს. ეს კი, თავის მხრივ, გამოძიების ფორმალისტურ ხასიათზე უთითებს და ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარების მოლოდინს არსებითად ამცირებს,” – აცხადებს EMC .

EMC ი-ს განცხადების მიხედვით, მიმდინარე გამოძიების პროცესი არსებითად ხარვეზიანია და ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს. მათ შორის:

  1. გამოძიების პირველივე ეტაპზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მტკიცებულებების მოპოვება ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევით სუს-ის მიერ განხორციელდა, რაც ამოღებული მტკიცებულებების (მათ შორის, ხელყუმბარის) ვალიდურობაზე გავლენას ახდენს;
  2. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატებს არ გააჩნიათ წვდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ არცერთ ინფორმაციაზე, რაც გამოძიების ჯეროვნობის შეფასების შესაძლებლობას არსებითად გვიზღუდავს. EMC-ის არაერთი მოთხოვნისა და სამართლებრივი დავის მიუხედავად, პროკურატურა არ უზრუნველყოფს საქმის მასალების გასაიდუმლოებულ ნაწილებზე წვდომას;
  3. ზოგიერთ შემთხვევაში ჩნდება მტკიცებულებების განადგურებისა და ფალსიფიკაციის ეჭვი. სუს-ის გადაწყვეტილებით განადგურდა ხელყუმბარა და თვითნებურად შეიცვალა იმ იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილები, საიდანაც სროლა განხორციელდა;
  4. გამოძიების ფარგლებში, თ. მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე არ არის მიჩნეული დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.
  5. საქმეზე ამ დრომდე არ არის ჩატარებული ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელთაც სიმართლის დადგენაში არსებითი მნიშვნელობა აქვთ.
  6. მაჩალიკაშვილების ოჯახში სპეცოპერაციის ჩატარების დროს ოჯახის წევრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დასაბუთებული განცხადებისა და ოჯახის წევრების გამოკითხვის მიუხედავად, გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

გარდა ამისა, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შეფასების დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნის დარღვევას. კერძოდ, სუს-ის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის, მათ შორის, ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის დაუსაბუთებლობის პრობლემას, რომელიც პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონის მასალების გაცნობის შემდეგ, EMC-მ დეტალურად შეისწავლა.

შეფასების დოკუმენტში EMC სხვადასხვა სახელისუფლებო რგოლსა და უწყებას რეკომენდაციებით მიმართავს და მათ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, მათ შორის:

საქართველოს მთავარ პროკურორს

  1. უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ეფექტიანი, ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარება და იმ პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთა, რომლებმაც არასათანადოდ დაგეგმეს და ჩაატარეს სპეცოპერაცია მაჩალიკაშვილების სახლში. ასევე, მათი, ვინც მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და განადგურებასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაული ჩაიდინეს;
  2. საქმეზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების მიზნით, მთავარმა პროკურორმა უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პირადი ზედამხედველობის განხორციელება და შესაბამისი პროკურორისთვის წერილობითი და დასაბუთებული მითითებების მიცემა;
  3. უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატების მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქმის იმ მასალებზე წვდომა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებად კლასიფიცირდება;
  4. უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან შესაძლებლად დროული შეხვედრა და გამოძიების მიმდინარეობის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე დისკუსიის გამართვა.

საქართველოს პარლამენტსა და მის შესაბამის კომიტეტებს

  1. გაიაზროს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის მძიმე სოციალური შედეგები პანკისის ხეობისთვის და დაინტერესდეს თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეში სუს-ის და პროკურატურის საქმიანობაში ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემატიკით. შესაბამისად, მათი საქმიანობის მიმართ უზრუნველყოს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, მათ შორის, დაიბაროს აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები და მოისმინოს ანგარიშები;
  2. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სამართლებრივი დასკვნისა და რელევანტური რეკომენდაციების მომზადება;
  3. გაიაზროს პანკისის ხეობაში არსებითად უსაფრთხობის მიდგომებზე დაფუძნებული სახელწიფო პოლიტიკის მძიმე შედეგები და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემდეგ, ხეობის მოსახლეობასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის გაჩენილი ნდობის პრობლემა. საპასუხოდ, შესაბამის უწყებებს ხეობაში პოლიტიკის წარმართვის სახელმძღვანელო მითითებები მისცეს;
  4. ადამიანის უფლებების დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა გამართონ სამუშაო შეხვედრა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან და პანკისის ხეობის მოსახლეობის თემის ლიდერებთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

  1. გაიაზროს თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის მძიმე სოციალური შედეგები ხეობისთვის და დაინტერესდეს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეში სუს-ისა და პროკურატურის საქმიანობის პრობლემატიკით. საქმის პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, მასზე პირადი მონიტორინგი განახორციელოს;
  2. გაიაზროს პანკისის ხეობაში არსებითად უსაფრთხობის მიდგომებზე დაფუძნებული სახელწიფო პოლიტიკის მძიმე შედეგები და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემდეგ, ხეობის მოსახლეობასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის გაჩენილი ნდობის პრობლემა. შესაბამის უწყებებს კი ხეობაში პოლიტიკის წარმართვის სახელმძღვანელო მითითებები მისცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს

  1. აღიაროს და შეწყვიტოს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა;
  2. უზრუნველყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატების იმ მასალებზე წვდომა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებად კლასიფიცირდება;
  3. უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისა და მისი ადვოკატების წვდომა ყველა იმ საქმის მასალაზე, რომელიც ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის გამოძიების ფარგლებში, თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით არსებობს;

“გაიაზროს პანკისის ხეობაში მის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების საწინააღმდეგოდ ჩატარებული რეპრესიული სპეცოპერაციის მძიმე სოციალური შედეგები. რეგიონში მისი საქმიანობის დროს განუხრელად დაიცვას ადამიანის უფლებების და თანასწორობის სტანდარტები. ამასთან, პანკისის ხეობაში მისი პოლიტიკა კონტროლისა და დასჯის მიდგომების ნაცვლად არსებითად სოციალური და პოლიტიკური ინკლუზიისა და დაცვის მიდგომებს დააფუძნოს,” – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი