ახალი ამბებირეკლამა

ზუბალაშვილების უნიკალური არქივი, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს გადმოეცა

27 ივლისი, 2018 • 1386
ზუბალაშვილების უნიკალური არქივი, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს გადმოეცა

ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების – ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით საფრანგეთიდან საქართველოს გადმოეცა. პეტრე ზუბალაშვილის შთამომავლებმა 114 წლის განმავლობაში შვეიცარიასა და შემდგომ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ზუბალაშვილების ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აჩუქეს.

არქივი მოიცავს დიმიტრი ერმაკოვის რამდენიმე ფოტოალბომს, სადაც თბილისი, კავკასიელი  ხალხი და ხედები,  თბილისში სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის მშენებლობაა აღბეჭდილი; ასევე წიგნებსა და ალბომებს საქართველოს ისტორიის, კავკასიის ცივილიზაციისა და არქეოლოგიის შესახებ.

მუზეუმისათვის გადაცემული პირადი არქივიდან ზუბალაშვილების გვარის ისტორიასთან და მათ გაწეულ ქველმოქმედებასთან დაკავშირებული დეტალებიც ირკვევა. მასალები მოიცავს ზუბალაშვილების მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების, გაზეთ „ივერიისა“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დაფინანსების შესახებ შემონახულ კორესპონდენციას; ასევე მათ მიერ დაწესებული სტიპენდიების ნუსხას, რომელთა საშუალებითაც რუსეთსა და ევროპაში ისეთმა ახალგაზრდებმა მიიღეს განათლება, როგორებიც იყვნენ: ალექსანდრე ჯანელიძე, სარგის კაკაბაძე, შალვა ამირეჯიბი, გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები.

უნიკალურ არქივში მეცენატისა და ამასთანავე კოლექციონერის – იაკობ (ჟაკ) ზუბალაშვილის რამდენიმე პირადი ნივთი და ასევე სპეციალური გამოცემაც ინახება, რომელიც მის მიერ საფრანგეთის მუზეუმებისათვის უსასყიდლოდ გადაცემულ ხელოვნების ნიმუშებს ეხება. იაკობ ზუბალაშვილმა ცხოვრების მეორე ნახევარი საფრანგეთში გაატარა, სადაც ჟაკ მიშელ ზუბალოვად მოიხსენიებდნენ. მისი უნიკალური კოლექცია აერთიანებდა პიკასოს, დეგას, სეზანის, მატისის, მონეს, ბოტიჩელის, როდენისა და სხვათა შედევრებს, ასევე მარმარილოს, ბრინჯაოს, კერამიკის, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს. ამ უნიკალური კოლექციის ძირითადი ნაწილი ლუვრში – „ზუბალოვის დარბაზშია“ განთავსებული. ზუბალაშვილის გვარი კი ლუვრის კედელზე, იმ პირთა შორისაა მოხსენიებული, რომლებმაც ხელოვნების ნიმუშების სახით ამ მუზეუმისათვის დიდი შეწირულობა გაიღეს.

მრეწველებად და მეცენატებად ცნობილი ზუბალაშვილების გვარი ისტორიულ დოკუმენტებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩანს. ზუბალაშვილების გვარს უკავშირდება მაშინდელი სახალხო სახლის – ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრის, უნივერისტეტის პირველი კორპუსისა და თბილისის მუსიკალური სკოლის – დღევანდელი კონსერვატორიის მშენებლობა. ასევე, თბილისში პირველი პედიატრიული საავადმყოფოს, მოხუცებისათვის უპოვართა სახლისა და კოჯრის გზაზე სასადილო – „სამადლოს“ გახსნაც. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე პეტრე ზუბალაშვილმა თბილისის გამგეობას სამხედრო ლაზარეთისთვის ოჯახის კუთვნილი სასტურმო „ლონდონი“ და 20 ათასი მანეთი გადასცა.

ძმები ზუბალაშვილების არქივი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ავიახაზების თანამონაწილეობით ჩამოვიდა. შესწავლა-რესტავრაციის შემდეგ არქივის პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში სექტემბერში გაიმართება, რომელსაც საქართველოში სპეციალურად მოწვეული ზუბალაშვილების შთამომავლები დაესწრებიან.   

მასალების გადაბეჭდვის წესი