ახალი ამბები

შრომის უსაფრთხოების საკითხის კვირიკაშვილზე გადაბრალება სწორად არ მიმაჩნია – კობერიძე

27 ივლისი, 2018 • 2195
შრომის უსაფრთხოების საკითხის კვირიკაშვილზე გადაბრალება სწორად არ მიმაჩნია – კობერიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის შესახებ შეხედულებები არ შეცვლია.

კობერიძემ ასევე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შესახებ, როცა კობახიძემ თქვა, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრება მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა.

“ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო იყო ამ განცხადების მოსმენა პარლამენტის თავმჯდომარისგან.  მაშინ, როცა 4 ადამიანი არის გარდაცვლილი და დაკრძალულიც არ იყვნენ, ნებისმიერ ადამიანზე- იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ ნებისმიერი პიროვნება- აქცენტების გადატანა და დაბრალება მე არ მიმაჩნია სწორად”, – განაცხადა ლევან კობერიძემ “რეაქციაში” სტუმრობისას.

როცა 16 ივლისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა და 6 დაშავდა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს კომისიის მიზანი იყო, მაქსიმალურად გაემკაცრებინათ ჩანაწერები კონსტიტუციის შესაბამის მუხლში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუმცა შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელობამ დაიკავა საკმაოდ ხისტი პოზიცია.

დღეს ლევან კობერიძე ამბობს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მთავრობასა და პარლამენტს შორის აზრთა სხვადასხვაობის შესახებ:

“თუ ასეთი “ჭიდაობა” მიდიოდა და ჩვენ არ ვიცოდით, ეს არის ძალიან ცუდი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პარლამენტში არის რამდენიმე ადამიანი, 4-5 პირი, ტოპ მენეჯმენტს ეძახიან, თუკი ეს ადამიანები ჯეროვნად მოიტანდნენ ჩვენთან, რომ ასეთი პრობლემა არსებობს, ჩვენ მყარად უნდა დავდგეთ და ჩვენი პოზიცია დავიცვათ. ეს იქნებოდა გაზიარებული, ესაა სწორედ მათი ფუნქცია, ჩვენც დავიჭერდით პრინციპულ პოზიციას”, – განაცხადა ლევან კობერიძემ “რეაქციაში” სტუმრობისას.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც 2017 წლის 15 მაისს თბილისში გაიმართა, სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115-ის” წევრებმა ჩაშალეს. ისინი კონსტიტუციაში სწორედ იმ ცვლილებების შეტანას მოითხოვდნენ, რომლებიც შრომითი უსაფრთხოების დაცვის წინაპირობა იქნებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მაშინ სტუდენტებს “კომუნისტები” უწოდა და მათ ურჩია, რომ “ილიას გზას” მიჰყოლოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი