ახალი ამბები

შსს: პოლიციელი ცოლზე მუქარისთვის იყო გამოკითხვაზე და ცრუობს, თითქოს მასზე იძალადეს

27 ივლისი, 2018 • 1691
შსს: პოლიციელი ცოლზე მუქარისთვის იყო გამოკითხვაზე და ცრუობს, თითქოს მასზე იძალადეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, ივანე ჯავახიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდა ცოლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო  და მოსალონდელი სასჯელის თავიდან ასარიდებლად იტყუება, თითქოს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელებმა მასზე იძალადეს.

შსს-ს ინფორმაციით, 21 ივლისს დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურში მიაკითხა ცოლს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. პოლიციამ გამოძიების დაწყების პარალელურად ივანე ჯავახიშვილის მიმართ იმავე დღეს გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში ივანე ჯავახიშვილი გამოკითხვის მიზნით გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს, სადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პროტესტის ნიშნად აგრესიულად მოიქცა: “საკუთარი ხელით დაიხია სამხრეები და მოითხოვა შენობის დატოვება, რისი საშუალებაც მისცეს სამინისტროს თანამშრომლება.”

შსს-ს განცხადებით, დაცვის თანამშრომლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მხრიდან მისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს:

“ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ სამინისტროს მკაცრი პოლიტიკის გათვალისწინებით, ეს ემსახურება დისციპლინური და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან თავიდან არიდების მიზანს.”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება იმოქმედებს კანონის ფარგლებში როგორც მოქალაქეების, ისე პოლიციელების მხრიდან სამართალდარღვევის შემთხვევაში და მათ მიმართ გაატარებს შესაბამის ზომებს.

ამასთან, როგორც შსს განმარტავს, ადვოკატის განცხადება მისთვის შესაძლო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სათანადო რეაგირებისთვის გაიგზავნა პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი