ახალი ამბები

დღეს შესაძლებლობა გექნებათ, დააკვირდეთ 21-ე საუკუნეში მთვარის ყველაზე ხანგრძლივ დაბნელებას

27 ივლისი, 2018 • 7851
დღეს შესაძლებლობა გექნებათ, დააკვირდეთ 21-ე საუკუნეში მთვარის ყველაზე ხანგრძლივ დაბნელებას

დღეს საქართველოდან შესაძლებლობა გექნებათ  დააკვირდეთ მთვარის სრულ დაბნელებას, რომელიც 21-ე საუკუნეში ყველაზე ხანგრძლივი იქნება.  დედამიწის ჩრდილში მოქცეული მთვარე ცაზე წითელ შეფერილობას მიიღებს.

მთვარის სრული დაბნელება, რომელზე დაკვირვებასაც თბილისიდან შეძლებთ, 23:30 საათზე დაიწყება, პიკს კი 00:21-ზე მიაღწევს. მთვარის სრული დაბნელება 01:13 საათზე დასრულდება.

მთვარის დაბნელება ასეთი ხანგრძლივი იმიტომ იქნება, რომ ბუნებრივი თანამგზავრი დედამიწის ჩრდილის ცენტრში გაივლის, სადაც ის ყველაზე განიერია.

ამავე ღამეს თბილისის ციდან მთვარის გარდა მარსზე დაკვირვებაც იქნება შესაძლებელი, რომელიც დედამიწასთან 2003 წლის შემდეგ ყველაზე ახლო დიასტანციაზე იქნება და კაშკაშა წითელ ვარსკვლავს დაემსგავსება.

მზის დაბნელებისგან განსხვავებით, მთვარის დაბნელების სანახავად სპეციალური დამცავი სათვალე არ დაგჭირდებათ. ამ მოვლენაზე დაკვირვება შეუიარაღებელი თვალითაც  უსაფრთხოა.

მთვარის დაბნელება თბილისში – ილუსტრაცია მომზადებულია timeanddate.com-ის მიერ

თბილისში, მთვარის დაბნელებაზე დასაკვირვებლად რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა. საქართველოს ასტორნომიის  კლუბის ორგანიზებით, მთვარეს თბილისში, ძველი იპოდრომის ტერიოტრიდან დააკვირდებიან. ფეისბუკ ღონისძიება დააანონსა “ფაბრიკამაც”, რომელიც ამ მოვლენის ნახვას ჰოსტელის სახურავიდან გთავაზობთ. თუმცა, თუ მთვარეზე დაკვირვებას მარტო ამჯობინებთ, astronet.ge  გირჩევთ, ცის თაღის სამხრეთ ნაწილიკენ, ჰორიზონტამდე გაშლილი ადგილი შეარჩიოთ.

მთვარის შემდეგი სრული დაბნელება საქართველოდან გამოჩნდება 2025 წელს. მანამდე, 2019-ში კი, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ნაწილობრივი დაბნელების მომსწრენი გავხდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი